ირაკლი კობახიძე: თუ პოლიტიკური პარტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ასეთი პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში

ირაკლი კობახიძე: თუ პოლიტიკური პარტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ასეთი პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში

თუ თავისი შინაარსით პოლიტიკური პარტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც კი არის ეს ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს თავისი პასუხისმგებლობის შესაბამისად.

„ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პარტიები უკრაინაში,მოლდოვაში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის დადებითი შეფასებები, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. თუ თავისი შინაარსით პოლიტიკური პარტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც კი არის ეს ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ჩვენ მართალია, ვახერხებთ არსებითად რისკების პრევენციას, მაგრამ 9 წლის განმავლობაში კრებსითი „ნაცმოძრაობა" არ ასვენებდა ამ ქვეყანას და უამრავი დანაშაულები ჩაიდინეს ამ ადამიანებმა და ეს დანაშაულები ძალიან მძიმე ფასად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. ეს იყო ადამიანების მკვლელობა. რომ ავიღოთ სტატისტიკა, ციხეებში წელიწადში საშუალოდ ასზე მეტ ადამიანს კლავდნენ. ასზე მეტი ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს. ქუჩაში კლავდნენ ადამიანებს, აღარაფერს ვამბობ ბიზნესის რეკეტზე, რასაც ასევე უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეეწირა. მათი მთავარ დანაშაულს შეეწირა ჩვენი ტერიტორიების 20%, რომელიც არის დროებით დაკარგული და ეს დანაშაული ჩაიდინა სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ. ამ ომს და მათ ავანტიურას შეეწირა 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, 30 000 ადამიანი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს მათი დანაშაულის გამო. მერე რასაც აკეთებდნენ იგივე ადამიანები უკვე ოპოზიციის რიგებიდან, ესეც იყო მუდმივად ქვეყნის განვითარების შეფერხების მცდელობა. რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში, იგივე რეჟიმში მოქმედებენ დღეს ოპოზიციაში, უბრალოთ, მათ იგივე რესურსი აღარ აქვთ, რაც 9 წლის განმავლობაში ჰქონდათ", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუცია.

„როცა აშკარად, გამოკვეთილად ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე, იქ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა სამართლებრივი ზომა მივიღოთ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა არ დარჩეს პოლიტიკურ სისტემაში. ამ ყველაფერს ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუცია. კონსტიტუციური მექანიზმი არის პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და შესაბამის დეპუტატებსაც შეიძლება ჩამოერთვათ მანდატები. ამასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. ამასთან დაკავშირებით არსებობს ევროპული პრაქტიკა. არსებობს მემკვიდრე პარტიის ცნება და მემკვიდრე პარტიაც ისევე ექვემდებარება, ევროპული პრაქტიკით აკრძალვას, ისევე, როგორც დედა პარტია. თუ ისინი აკრძალვის შემდეგ „ნაცმოძრაობის" წიაღში შექმნიან ახალ პარტიას, ის ექვემდებარება ზუსტად ისე აკრძალვას, მარტივი პროცედურის საფუძველზე, როგორც იკრძალება ძირითადი პარტია. აქ იურიდიული მექანიზმები არსებობს. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპული ამოცანაა ის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ამ შემთხვევაში საუბარია კრებსით „ნაციონალურ მოძრაობაზე", არ მიეცეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში უნდა მუდმივად არაჯანსაღი ფონის შენარჩუნება, ამ ე.წ პოლარიზაციის, ჩაკეტილი წრის შენარჩუნება, მათთვის მთავარი უნდა იყოს „ნაცმოძრაობის" შენარჩუნება პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. არაკეთილმოსურნეებს სურთ, რომ „ნაცმოძრაობა" დარჩეს პოლიტიკურ სისტემაში, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არასოდეს შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ინტერესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემა ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმ ადამიანების მოწოდებებიდან გამომდინარე, რომელთაც არ სურთ კარგი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა პრემიერმა.