ამ ეტაპზე არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში, თუმცა რისკები არსებობს; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ რისკებზე საუბრის საფუძველს იძლევა სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსული გამოცდილება.
„რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე ცდილობდა და პრინციპში აღწევდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას. ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც წინა არჩევნებს. მათი მოტივაცია, რომ მოახდინონ არჩევნების რადიკალიზაცია, გარემოს რადიკალიზაცია, არის კიდევ უფრო მაღალი. ეს რისკები არსებობს, ბუნებრივია. რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქროს. მუდმივ რეჟიმში მიდის მათ ოფისებში საუბარი ასეთ პროვოკაციებზე. შესაბამისად, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ამისთვის რესურსის გამოძებნა არ გაუჭირდებათ. ჩვენ, მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყანაში ვითარების არევის უფლება არავის მიეცემა.
„ოპოზიცია დასუსტებულია და ასეთ პირობებში, ძალიან მარტივად გამოდის ხოლმე მათი ოფისებიდან ინფორმაცია. რეალურად, მათი წიაღიდან გამოდის ეს ინფორმაცია, ეს არის ჩვენი ინფორმაციის წყარო. იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი, მათაც აქვთ კვლევის შედეგები, ორიენტირებულები არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე. სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და სამართალდამცავი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, რაც დადასტურდა, მათ შორის, იმ 2-3 თვიანი პერიოდის განმავლობაში, როცა რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ვითარების რადიკალიზაციას და რევოლუციური პროცესების ინიციირებას. ახლაც არის ზუსტად იგივე ვითარება. სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყანაში ვითარების არევის უფლებას ვერავის მივცემთ,“- განაცხადა პრემიერმა.