„სირცხვილიამ“ თავის თავზე გამოცადა ფაშისტური ბულინგის გემო, რასაც ვერ გაუძლო, დამარცხდა ამ ბულინგთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი შეფასებით, „სირცხვილიამ“ აღიარა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონში „აგენტი“ და მსგავსი მიდგომები არ იყო.
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ - „სირცხვილიამ“ თავის თავზე გამოცადა ფაშისტური ბულინგის გემო, რასაც ვერ გაუძლო, დამარცხდა ამ ბულინგთან. მათ უკან წაიღეს თავისი სიტყვები, სადაც ისინი აღიარებდნენ, რომ „აგენტი“ და მსგავსი მიდგომები გამჭვირვალობის კანონში არ იყო. ფაქტობრივად, მათ ისიც აღიარეს, რომ აქედან გამომდინარე, არანაირი რუსული ჩანართები არ იყო კანონმდებლობაში.
ეს იყო საუკუნის აფიორა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ საუკუნის აფიორას ერქვა „არა რუსულ კანონს“. ეს იყო დადგმული, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, სპექტაკლი, რომელიც იყო მიმართული გამჭვირვალობის, ქართული სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ყველასთან დიდი ბოდიში, უხეში ტერმინი უნდა გამოვიყენო - იურიდიული კომიტეტის ახალგაზრდა პროფესიონალმა იურისტებმა ყველა ადამიანს, რომელიც სპეკულაციურად და განზრახ „რუსულ კანონს“ უწოდებდა, თავზე გადაახიეს თავისი სარჩელი. ჩვენ ვნახეთ სამდღიანი პროცესი, როდესაც მაღალპროფესიულ დონეზე იურიდიული კომიტეტის აპარატის იურისტებმა ყველა კომპონენტში მოუგეს პროცესი „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა წარმომადგენელს. მათ შორის ზოგი იწოდება „ენჯეოდ“, ზოგი ჟურნალისტად და ასე შემდეგ. საერთო ჯამში ეს იყო უსამშობლოთა სარჩელი და საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირწმინდად მოუგეს ახალგაზრდა თაობის პროფესიონალმა იურისტებმა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.