ოპოზიციას მინდა ვუთხრა, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში - საპატრიარქოს წარმომადგენელმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმება შედგა, ტექსტიც კი გაჟღერდა, თუ რა ტიპის ჩანაწერი განიხილება საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.
„რადიკალური ოპოზიცია არის გაღიზიანებული იმის გამო, რომ საზოგადოება, ხელისუფლება და ეკლესია დგას ერთად, იმ მნიშვნელოვანი ინტერესისთვის, რომელსაც საქართველო, ჩვენი სამშობლო ჰქვია, რასაც ჩვენი ქვეყნის სულიერება, ზნეობა და ღირებულების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენ გვაკავშირებს და გვაერთიანებს. ჩვენი შეთავაზება იყო გულწრფელი და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმება შედგა. ტექსტიც კი გაჟღერდა, თუ რა ტიპის ჩანაწერი განიხილება საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაში და ოპოზიციას მინდა ვუთხრა, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარებას საპატრიარქოს სრული მხარდაჭერა აქვს. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან და უმრავლესობის ლიდერთან ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად იყო მხარდაჭერილი, გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის წევრები მიესალმებიან.