ამნისტია საყოველთაო უნდა იყოს. არის რესურსი, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებების არეალი გაფართოვდეს და ეს სხვადასხვა კატეგორიის პატიმრებს შეეხოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, „გირჩის“ მიერ მომზადებული შეთავაზებით, გაიზრდება ამნისტიის მასშტაბი იმ შემთხვევაში, როცა არსებობს დაზარალებულის თანხმობა.
„არასამართლიანი სასამართლოსა და არაადამიანური კოდექსის პირობებში უამრავი ადამიანი ციხეში უსამართლოდ ზის ან მკაცრად არის დასჯილი. ამნისტია საყოველთაო უნდა იყოს. არის რესურსი, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებების არეალი გაფართოვდეს და ეს სხვადასხვა კატეგორიის პატიმრებს შეეხოს. ჩვენი მიზანია, იმ ლოგიკის დაცვით გაფართოვდეს არეალი, რაც თავად კანონპროექტშია. ეს ყველასთვის პოლიტიკურადაც მომგებიანი იქნება და რამდენიმე ასეული ადამიანი პატიმრობიდანაც გათავისუფლდება, ბევრს ვადა შეუმცირდება. ჩვენ მიერ მომზადებული შეთავაზებით, გაიზრდება ამნისტიის მასშტაბი იმ შემთხვევაში, როცა არსებობს დაზარალებულის თანხმობა. ისეთი ხალხი ზის, ვის მიმართაც პრეტენზია არავის აქვს და ისინი უნდა გათავისუფლდნენ“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.