„ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, დღევანდელი პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება, ეს გარდაუვალია", - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ეხმიანება ამერიკელი პოლიტიკოსის რობერტ კენედის მიერ აშშ-ის ადმინისტრაციის მისამართით გაკეთებულ მამხილებელ განცხადებას. კენედიმ უკრაინის ომის რეალურ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეალურად უკრაინა გაყიდულია, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის შეიარაღებისათვის გამოყოფილი თანხები, სინამდვილეში უკრაინას არ ხმარდება და საამისოდ გამოყოფილი ფული უფრო სესხია, ვიდრე საჩუქარი.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსმა ბაიდენის ადმინისტრაცია ტყუილში და ომის პროპაგანდაში ამხილა. „ხალხის ძალის“ წევრმა ისიც დასძინა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის მსგავსად, ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდის პოლიტიკას საქართველოში ქართული რადიკალური ოპოზიცია ატარებს.
„რობერტ კენედის სკანდალურმა სიმართლემ ფარდა ახადა იმ ყალბ რეალობას, რაც დღეს დასავლეთში სუფევს. თურმე როგორი მართლები ვყოფილვართ. ამერიკელმა პოლიტიკოსმა უკრაინის ომის რეალური მიზეზი გამოააშკარავა: “უკრაინა გაყიდულია; უკრაინისთვის მიცემული მილიარდები საჩუქარი არ არის, ეს სესხია! რაშიც მთელი ქვეყანა მიაქვთ.”
ამისთვის დაიღუპა ათასობით ადამიანი?
ამისთვის ჩახოცეს ბავშვები?
ამისთვის გადაწვეს უკრაინა?
როდესაც ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ამას ამბობს, როგორ შეიძლება იმ დიდ ტყუილზე, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია პროპაგანდის სახით ატრიალებს, დღეს თვალი დახუჭო? სწორედ ამ სიცრუეზე და ომის პროპაგანდაზეა აგებული ქართული ოპოზიცია. მაგრამ ამ ტყუილებივით ისინიც მალე სრულად გამოაშკარავდებიან.
ჩვენ სიმართლეს ვამბობდით ყოველთვის და ამ სიმართლეს დღეს უკვე ამერიკის გავლენიანი ადამიანები ამბობენ. ამერიკა მალე დააღწევს თავს ამ ყალბ პოლიტიკას, რასაც დღევანდელი ადმინისტრაცია აწარმოებს და ჩვენი ურთიერთობები აუცილებლად გაჯანსაღდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტნიორი.
ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, დღევანდელი პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება, ეს გარდაუვალია. რა ეშველება დღევანდელ ტყუილებზე დაფუძნებულ ოპოზიციას, ეგ არ ვიცით, თუმცა, ნაცების ბედი კი, უკვე გადაწყვეტილია! რაც შეეხება უკრაინას, ვწუხვართ, ვიზიარებთ ამ ხალხის ტკივილს. როგორც თავიდანვე ვამბობდით, ეს ქვეყანა გაწირეს! “ - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.