დონორმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, გამარჯვებულს წინასაარჩევნო მედია-გარემო უნდა შეესწავლა- ანგარიშში მოყვანილი იყო გამოცემის  წინასაარჩევნო კონტენტის ანალიზი, თუმცა კამპანიის დასაწყისისთვის ეს გამოცემა... უკვე აღარ არსებობდა

დონორმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, გამარჯვებულს წინასაარჩევნო მედია-გარემო უნდა შეესწავლა- ანგარიშში მოყვანილი იყო გამოცემის წინასაარჩევნო კონტენტის ანალიზი, თუმცა კამპანიის დასაწყისისთვის ეს გამოცემა... უკვე აღარ არსებობდა

„ერთ-ერთი საპარლამენტო არჩევნების წინ რომელიღაც დონორმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, გამარჯვებულს წინასაარჩევნო მედია-გარემო უნდა შეესწავლა და დასკვნა დაეწერა. მარტი ან აპრილი იქნებოდა. ენჯეოებმა დაწერეს პროექტები და წარუდგინეს შესაბამის კომისიას. ერთ-ერთმა მათგანმა გაიმარჯვა და შეუდგა საქმეს - ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის განმავლობაში უცქერდნენ ტელევიზორს, უსმენდნენ რადიოს, კითხულობდნენ გაზეთებს და „სქროლავდნენ“ ვებ-გვერდებს.“,- ამის შესახებ  საინფორმაციო სააგენტო  For.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი მისი ავტორობით გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, სადაც  მკითხველს „მესამე სექტორის“ საქმიანობის შესახებ რამდენიმე ეპიზოდს სთავაზობს.

სტატიის ერთ-ერთ ეპიზოდში , სახელწოდებით „განვიხილავთ არარსებულს“ იაკობაშვილი წერს, რომ გამარჯვებული ენჯეოს მიერ მონიტორინგის შედეგები მალევე გამოქვეყნდა, ყველაფერი სტანდარტულად იყო, თუმცა ჟურნალისტი  ორგანიზაციის სანდოობას და ობიექტურობას ეჭქვეშ აყენებს და ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ მომზადებულ ანგარიშში, არასამთავრობო ორგანიზაციამ  საანგარიშო პერიოდამდე დახურული  ინტერნეტ-გამოცემის კონტენტის ანალიზიც წარადგინა. გამოცემისა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისისთვის უკვე აღარ არსებობდა. 

„არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა. მონიტორინგის შედეგები მალევე გამოქვეყნდა. ყველაფერი სტანდარტულად იყო: ამა და ამ ტელევიზიამ მოამზადა ამდენი და ამდენი სიუჟეტი, მათ შორის ამდენი მიკერძოებული და ამდენი ნეიტრალური; ამა და ამ რადიომ გააკეთა ამდენი და ამდენი გადაცემა, მათ შორის ამდენი და ამდენი მიკერძოებული და ამდენი და ამდენი ნეიტრალური. ასევე იყო ბეჭდური და ინტერნეტ მედიების შემთხვევაშიც - დათვალეს ეს და დათვალეს ის.

სხვა საქმეა, რამდენად ობიექტური, პროფესიონალური და დამაჯერებელი გახლდათ ენჯეოშიკების შეფასება, ერთს კი ვიტყვი და თავად განსაჯეთ: საბოლოო ანგარიშში მოყვანილი იყო ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემის (ვუწოდოთ პირობითად „ცნობის ფურცელი“) წინასაარჩევნო კონტენტის ანალიზი, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისისთვის ეს ინტერნეტ-გამოცემა... უკვე აღარ არსებობდა, ივნისში დაიხურა. არადა, ანგარიშში ეწერა, „ცნობის ფურცელმა“ ივლის-აგვისტო-სექტემბერში ამდენი სტატია გამოაქვეყნდა, რომელთაგან ჭეშმარიტი, მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის კრიტერიუმებს ამდენი აკმაყოფილებდა, ხოლო დანარჩენები კონკრეტული პარტიისადმი სიმპათიებით იყო გამსჭვალულიო.

გაიგე ახლა, მართლა უცქერდნენ ტელევიზორს, მართლა უსმენდნენ რადიოს, მართლა კითხულობდნენ გაზეთებს და მართლა „სქროლავდნენ“ ინტერნეტ-გამოცემებს თუ მთელი ეს კონტენტ-ანალიზი და დასკვნა-ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დაიწერა, სანამ ბედკრული „ცნობის ფურცელი“ შეწყვეტდა არსებობას!
ისინი მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში. რთული მისახვედრი არ არის, რატომ უფრთხიან გამჭვირვალობას.“,- წერს გია  იაკობაშვილი.