გია იაკობაშვილი: პროექტი „გადავარჩინოთ პარკი“: დონორს ალბათ უთხრეს, ეს მრავალწლიანი ნარგავები პროექტის ფარგლებში დავრგეთ და რუდუნებით ვუვლითო

გია იაკობაშვილი: პროექტი „გადავარჩინოთ პარკი“: დონორს ალბათ უთხრეს, ეს მრავალწლიანი ნარგავები პროექტის ფარგლებში დავრგეთ და რუდუნებით ვუვლითო

„ამ 13-14 წლის წინ ერთ-ერთი გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ღონისძიებაზე მოვხვდი. პროექტი სრულდებოდა და დასრულებას ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ. პროექტს ერქვა გადავარჩინოთ ესა და ეს პარკიო“,- ამის შესახებ  საინფორმაციო სააგენტო  For.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი მისი ავტორობით გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, სადაც  მკითხველს „მესამე სექტორის“ საქმიანობის შესახებ რამდენიმე ეპიზოდს სთავაზობს.

ვრცელი სტატიის ერთ-ერთი ნაწილი სახელწოდებით „უხეო ტყეების გენერლები“ ერთ-ერთი გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის შესახებ გვიყვება, რომლის ფარგლებშიც „მსუყე“ გრანტის მიუხედავად ორგანიზაციის წევრებმა არაფერი გააკეთეს. 

„პარკის გადასარჩენად მართლაც გრანდიოზული სამუშაო ჩაატარეს - შექმნეს შესაბამისი ლოგო, დაამზადეს სამკერდე ნიშნები, დაწერეს და გამოაქვეყნეს რამდენიმე საგაზეთო სტატია, გადაიღეს ერთი ვიდეო-რგოლი, რომელშიც რამდენიმე ცნობილი და უცნობი სახე თუთიყუშებივით იმეორებდა ორ სიტყვას - „გადავარჩინოთ პარკი“, ჩაატარეს მრგვალი მაგიდა, რომელზეც ისაუბრეს, თუ როგორი საშვილიშვილო საქმეა ამ პარკის გადარჩენა და რამხელა საშვილიშვილო საქმეს აკეთებს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ ენჯეო და, ბოლოს, როგორც გითხარით, ზარ-ზეიმით აღნიშნეს პროექტის დასრულება.

ზარ-ზეიმში იგულისხმება გადასარჩენ პარკში გაშლილი სუფრა, რამდენიმე ბოთლი ხილის წვენი და მინერალური წყალი, ბუტერბროდები, სენდვიჩები და ორიოდე ნაჭერი ხაჭაპური.

ხაჭაპურის რა მოგახსენოთ, გრანტი კი ნამდვილად მსუყე იყო. მიუხედავად ამისა, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში ენჯეოს წევრებს და მოწვეულ ექსპერტებს არ დაურგავთ არც ერთი ხე და არც ერთი ბუჩქი და არც პარკის ტერიტორია დაუსუფთავებიათ. უფრო მეტიც - ღონისძიების დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა წავიდ-წამოვიდა, ადგილზე დარჩა რამდენიმე ათეული პოლიეთილენის ბოთლი, ჭიქები, თეფშები, სიგარეტის ნამწვები, ხელსახოცები, სიგარეტის ცარიელი კოლოფები და ა.შ.“,- წერს იაკობაშვილი. 

ჟურნალისტი ყვება, რომ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა დონორ ორგანიზაციას სავარაუდოდ ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. 

„დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელს კი, ალბათ, უთხრეს, ეს მრავალწლიანი ნარგავები, რომლებსაც აქ ხედავთ, ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა ამ პროექტის ფარგლებში დავრგეთ და რუდუნებით ვუვლითო. ისინი მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში. რთული მისახვედრი არ არის, რატომ უფრთხიან გამჭვირვალობას.“,- წერს გია იაკობაშვილი.

მერაბ.g ერთ რამეს არ ვეთანხმები: ასოების ყოველი ნაბიჯი შეთანხმებულია დონორებთან და თუ სათაური სხვაა და საქმე სხვა, ესეც ურთიერთშეთანხმებით ხდება რეალობის შესანიღბად
2 თვის უკან