მამა გიორგი ზვიადაძე: პრემიერ-მინისტრთან და უმრავლესობის ლიდერთან ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა გაიმართა

მამა გიორგი ზვიადაძე: პრემიერ-მინისტრთან და უმრავლესობის ლიდერთან ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა გაიმართა

ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა,- ასე აფასებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პრემიერ-მინისტრთან და უმრავლესობის ლიდერთან გამართულ შეხვედრას.

საუბარია საქართველოს ეკლესიის როლისა და მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კონსტიტუციაში ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. შედგა შეთანხმება, რომ ქვეყნის მთავარ კანონში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.

პროტოპრესვიტერი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად იყო მხარდაჭერილი, გადაწყვეტილებას კი მიესალმებიან წმინდა სინოდის წევრები.

„ერთმნიშვნელოვნად იყო მხარდაჭერილი აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, რომ ამგვარი ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობას. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ის, რომ ეს დამოკიდებულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემის პრინციპზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის როგორც პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის, ასევე ბატონი მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ ერთადერთი მიზანი იყო ხელისუფლებას გაეწია მხარდაჭერა საქართველოს ეკლესიისადმი. ვფიქრობთ, რომ ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა იყო“, - განაცხადა ზვიადაძემ.