გურამ მაჭარაშვილი: ისტორიულად ზუსტად ასე იყო, რომ ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიას და დღესაც ხომ ასეა - როდესაც ძლიერია მართლმადიდებელი ეკლესია, ძლიერია სახელმწიფო

გურამ მაჭარაშვილი: ისტორიულად ზუსტად ასე იყო, რომ ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიას და დღესაც ხომ ასეა - როდესაც ძლიერია მართლმადიდებელი ეკლესია, ძლიერია სახელმწიფო

შემდგომი მოწვევის პარლამენტში, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩანაწერს კონსტიტუციაში, რომელიც იქნება უფრო მყარი საფუძველი იმისა, რომ ვერავინ გაბედოს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს ეკლესიის როლსა და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრისას.

„მართალია დღევანდელ კონსტიტუციაში ეს როლი აღნიშნულია, მაგრამ საკმაოდ მოკრძალებულად არის. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, შემდგომი მოწვევის პარლამენტში, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩანაწერს კონსტიტუციაში, რომელიც იქნება უფრო მყარი საფუძველი იმისა, რომ ვერავინ გაბედოს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა.

ისტორიულად ზუსტად ასე იყო, რომ ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიას და დღესაც ხომ ასეა. როდესაც ძლიერია მართლმადიდებელი ეკლესია, ძლიერია სახელმწიფო. საქართველოში თვითმყოფადობის საყრდენი - მართლმადიდებელი ეკლესიის სახით, იქნება პრაქტიკულად ხელშეუხებელი, რაც იქნება სამომავლო განვითარების საფუძველი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა: „გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს“.