პირველი დიდი გასაჭირის დროს, როცა ოსმალეთი წალეკვას გვიპირებდა, ჩვენი ქვეყანა გერმანიამ დაიხსნა განსაცდელისაგან. ეს იყო დამოუკიდებლობის პირველ წელს.
იმ დროიდან გაინასკვა ერთგვარი სულიერი კავშირი ქართველ ხალხსა და გერმანელ ერს შორის.
ამ უკანასკნელად საქართველოს დიდი განსაცდელის ჟამსაც გერმანია, ყველა წრეები გერმანიის, კვლავ დიდი თანაგრძნობით ეკიდება ჩვენს ხალხს და მისი დამოუკიდებლობის აღდგენას.
ვერავითარი კავშირი მოსკოვთან, ვერავითარი დროებითი მოთხოვნილება პოლიტიკური მომენტის და სხვ. ვერ წაშლის ამ საერთო სურვილს მთელ გერმანელ ერისას. შეიძლება აქ იყოს და, ჩვენ გვწამს, რომ არის დიდი და ღრმა ეკონომიური ინტერესები, დიდი ისტორიული მიზნები და მისწრაფებანი - გადახლართული, მაგრამ ამჟამათ ამათ ახსნა-გამოკვლევას ნუ შევუდგებით. ჩვენ მივიღოთ ფაქტი იმ სახით, როგორც ის არის და აქედან გამოვიყვანოთ დასკვნანი.
საქართველოს ხალხის წარმომადგენლების კ. ჩხეიძის და ნ. რამიშვილის ჩამოსვლა გერმანიაში კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია ამ გაბმული სულიერი ძაფის სიძლიერის.
1 ივლისს ბერლინის ერთ დიდ დარბაზში გაიმართა კონფერენცია დამოუკ. ს. - დ. პარტიის ბერლინის და მისი მიდამოების პასუხისმგებელ მოღვაწეების და დეპუტატების, რომელზედაც მიიწვიეს და მოუსმინეს საქ. სოც. - დემ. მუშ. პარტიის წარმომადგენლებს ჩხეიძეს და რამიშვილს.
კრების გახსნის შემდეგ თავმჯდომარე ამხ. კრილლე ესალმება საქ. სოც. - დემ. და ხალხის წარმომადგენლებს და მოაგონებს დამსწრეთ ჩხეიძის ბრძოლით სავსე წარსულს.
შემდეგ ილაპარაკეს ჩხეიძემ და რამიშვილმა, რომელთაც განუმარტეს კრებას საქართველოს ეხლანდელი მდგომარეობა და მისი საჭიროებანი. კ. ჩხეიძეს მხურვალე თანაგრძნობით და ტაშით შეეგებენ.
ამის შემდეგ ილაპარაკა რამიშვილმა და თავის სიტყვა ასე დაამთავრა: „საქართველო, რომელიც ასეთი ენერგიით იბრძოდა ცარიზმის წინააღმდეგ, კიდევ უფრო მეტის ენერგიით შეებრძოლება ახალ მოვლენილ მოძალადეებს. ჩვენი პარტიის კრებამ თბილისში 10 აპრილს მიიღო რეზოლიუცია, რომელშიაც მოითხოვს მიეცეს საშუალება საქ. მშრომელთა მასსებს გამოსთქვან თავის ნებისყოფა თავისუფალი კენჭის ყრის საშვალებით, რომელიც უნდა მოხდეს ევროპის სოც. და კომუნისტების საერთაშორისო შერეულ კომისიის კონტროლის ქვეშ. ჩვენ ველით, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ამ მოთხოვნას. აღიმაღლეთ ხმა და ჩვენთან ერთად, მთელ ქართველ ხალხთან ერთად მოსთხოვეთ მოსკოვის მთავრობას, - რომ მან გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს საზღვრებიდან და ამით შეძლება მისცეს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად გადასწყვიტოს თავის ბედი.“
5 ივლისს ჩხეიძე და რამიშვილი დაესწრნენ გერმანიის სოც. - დემ. პარტიის პასუხისმგებელ მუშაკთა და დეპუტატთა კრებას. ქართველი ხალხის წარმომადგენლებს დამსწრენი მხურვალე ტაშისცემით და ოვაციებით მიეგებენ.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას