საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში უფრო სწრაფად და მარტივად გაჯანსაღდება პირობები ჩვენს პარტნიორებთან. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა უპასუხა კითხვას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების კრიტიკის შესახებ და აღნიშნა, რომ დამნაშავე პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა.
„რაც შეეხება დამნაშავე პარტიების აკრძალვას, ეს არის მიღებული პრაქტიკა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში. იცით, რომ ერთმანეთის მიყოლებით აიკრძალა უკრაინასა და მოლდოვაში პოლიტიკური პარტიები. შესაბამისად, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა და არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ისეთი დამნაშავე, ისეთი კრიმინალური პოლიტიკური ძალა, როგორიც მოქმედებს საქართველოში „ნაცმოძრაობის“ სახით. აქედან გამომდინარე, თუ სადმე შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის სწორედ საქართველო. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულები და აღნიშნა, რომ „სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის არც მშვიდობა“.
„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიის ხარისხი საქართველოში თვისებრივად და ფუნდამენტურად აღემატება დემოკრატიის ხარისხს სხვა კანდიდატ ქვეყნებში, განსაკუთრებით უკრაინას და მოლდოვას თუ შევადარებთ. მეტიც, ევროკავშირის მრავალ ქვეყანაზე მაღლა ვდგავართ დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით ყველა სფეროში, იქნება ეს არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი თუ ნებისმიერი სხვა ასპექტი. ეს არის ჩვენთვის მთავარი, რომ 2012 წელს საქართველოში მოხდა დემოკრატიული გარდატეხა და დამკვიდრდა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ეს არის ჩვენთვის მთავარი მიღწევა. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს აკლია, არის ის, რომ არ შეიძლება ამ დემოკრატიულ სისტემაში ოპოზიცია ერქვას დანაშაულებრივ, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას. როგორც კი ეს ხარვეზიც გამოსწორდება, მაშინვე შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ეწოდოს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, - დასძინა პრემიერმა.