ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, რამაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. გვახსოვს, როგორი გაუსაძლისი ვითარება იყო იმ დროინდელ საქართველოში, საშინელი ტერორი და შიში სუფევდა მთელს ქვეყანაში, ხდებოდა ხელისუფლების დაკვეთით შესრულებული მკვლელობები, ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ბიზნესის რეკეტი, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ხდებოდა სხვა, უამრავი სისტემური დანაშაულები... - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცხეთაში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღარიბაშვილის თქმით, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ 30 წელი აპირებდა, ანუ აპირებდა ხალხის და ქვეყნის ბოლომდე განადგურებას, ბიძინა ივანიშვილმა, ხალხს დაუბრუნა იმედი, დარაზმა, გააერთიანა მთელი საზოგადოება და 2012 წლის 1 ოქტომბერს გადაარჩინა ქვეყანა.
„ამ და სხვა უბედურებასთან და ბოროტებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ, თავიდან ვერ კი არა - არ აირიდა ყველაზე დიდი უბედურება - ომი! საქართველოში ჯერ დააბრუნეს რუსეთის ჯარი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა 2007 წელს, ჩააბარეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოახდენინეს მათი ოკუპაცია, დავკარგეთ დამატებით 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც აგვისტოს ომამდე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო, ფაქტიურად აჩუქეს, გადასცეს კოდორის ხეობა, მივიღეთ ათასობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში და დავკარგეთ ასეულობით ჩვენი გმირი სამხედროები, პოლიციელები, მოქალაქეები... და ყველას გვახსოვს, ომი დამთავრებული არ იყო, გმირების ცხედრები არ ყავდათ გამოყვანილი და დაკრძალული, რუსთაველის გამზირზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და აზეიმეს ეს ყველაფერი, ხოლო შემდეგ ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას... და რამდენიმე თვეში ისევ რუსეთს გადასცეს საკუთარი ნებით უამრავი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, მათ და მთელმა მსოფლიომ... მალევე, ომის დამთავრებისთანავე, ჯერ დევნა დაუწყეს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, შემდეგ სასტიკად გააძლიერეს ჩვენი ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა. ქვეყანაში იყო სრული უიმედობა, უპერსპექტივობა და ნიჰილიზმი! ასევე, გვახსოვს, სააკაშვილს დაანონსებული ხედვა, რომ აშენებდა სინგაპურის მსგავს სისტემას, ოღონდ რა თქმა უნდა ეს ისეთივე სინგაპურის მოდელი იქნებოდა, როგორიც „დემოკრატიის შუქურაც“ იყო თავად... იმ დროინდელ საქართველოში არ არსებობდა არავითარი თავისუფლება, არავითარი დემოკრატია, არავითარი ევროპასთან ინტეგრაცია და ასეთი კაცი და მისი კრიმინალური ბანდა ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ 30 წელი აპირებდა, ანუ აპირებდა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განადგურებას...
და სწორედ ასეთ დროს, როცა ხალხს სამუდამოდ გადაწურული ქონდა ყოველგვარი იმედი, გამოჩნდა კაცი, რომელმაც ხალხს დაუბრუნა ეს იმედი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჯერ დარაზმა, გააერთიანა მთელი საზოგადოება და 2012 წლის 1 ოქტომბერს გაათავისუფლა ხალხი ამ ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.