„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში საზოგადოებას მიმართა.
„მოგესალმებით მეგობრებო,
მივესალმები მცხეთის, დუშეთის, თიანეთის ყაზბეგის წარმომადგენლებს,
მივესალმები მთავრობის წევრებს, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
მივესალმები ქართულ საზოგადოებას, მთელ საქართველოს, ჩვენს ემიგრანტებს დიდი პატივისცემით,
ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია, ახლა დღეს ვიწყებთ რეგიონულ შეხვედრებს თქვენთან, ჩვენო ძვირფასებო და გვიწვეს ისეთი საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომლის ფინალიც არის არჩევნები, რომელზეც არ არის მარტივი რამ დამოკიდებული - ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. გაცილებით მეტია ამ არჩევნებზე დამოკიდებული, ვიდრე ყველა სხვა სტანდარტულ სხვა მსგავს სიტუაციაში.
ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებს თან ახლავს, არის ძალიან მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შავს შორის, ბოროტსა და კეთილს შორის, ტყუილსა და სიმართლეს შორის. არჩევანიც, შესაბამისად, გამოდის ძალიან მარტივი.
საკუთარ თავს, ყველა ამომრჩეველმა უნდა დაუსვას შეკითხვა: რა არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, ქართული ოცნება? - ერთიანი საქართველო, უწყვეტი მშვიდობა, ოჯახების კეთილდღეობა, შენარჩუნებული ტრადიციული ღირებულებები, რეალურად დამოუკიდებელი საქართველო, მართლმადიდებლური ფასეულობები და ა.შ. და თუ ამ ყველაფერზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და აქ საკამათო არაფერია, შემდეგ კითხვაზეც მარტივი გამოდის პასუხი ძალიან - ვის პირობებშია გარანტირებული ეს ყველაფერი? ვისი მმართველობის, ვისი ხელისუფლების პირობებშია გარანტირებული მშვიდობა, დეოკუპაციის და ევროინტეგრაციის გზაზე სწორი სვლა, ტრადიციული და მართლმადიდებლური ღირებულებების და ფასეულობების შენარჩუნება და ვის პირობებში შეიძლება დაიტრაბახოს ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება? - პასუხი აქაც „ქართული ოცნებაა“.
უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და ჩვენი ქართული იდენტობის, ქართული, ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით!
მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია. ბევრი რამ შეიძლება დათმოს ქართველმა კაცმა თუ ქალმა, გარდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ პატივი სცენ და საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ, პატივცემულო მეგობრებო და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ.
ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს ყიდის, მის პატრონსაც გაყიდის და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააკეთებს ამას. დაქირავებულ აგენტს, პრინციპული მეგობარი რა თქმა უნდა, ჯობია - ეს უნდა დაგვიჯერონ და ამაზე მეტს აღარ გავაგრძელებ.
ჩვენს ამომრჩეველს კი, მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ გაცილებით მაღალი, ანუ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი სიამაყის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ ერთიან საქართველოში, ასობით თაობის შემდეგაც კი, ქართველს, აფხაზს, ოსს და ა.შ. - ჩვენი ქვეყნის ყველა შვილს, იგივე მრწამსი, მენტალობა და შეხედულებები ჰქონდეს. ამის განმტკიცებას და ჩადუღაბებას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა.
მოდი, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საერთო ქართული ოცნების ახდენაში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანას ქართული ოცნების ასრულებისათვის, დასჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობის და სიამაყისათვის და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ყველაზე მთავარი - ქართველი ხალხი და სიმართლე ჩვენს მხარესაა!
მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს, ჩვენ, ყველას ერთად, მტკიცედ გვჯერა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერი კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების თარიღი იქნება!“- აღნიშნა მდინარაძემ.