მმართველმა კლასმა კარგად იცის, რომ რთულია ისეთი ადამიანების კონტროლი, რომელთაც უკმაყოფილების გამოხატვა ღიად შეუძლიათ. რთულია მათ უკარნახო, როგორ უნდა მოიქცნენ და შესაბამისად მათგან მორჩილებასაც არავინ ელის.
2021 წლის გაზაფხულზე, ბუდაპეშტში, დუნაის ინსტიტუტში, ჩემი პირველი მოხსენების დროს, შეხვედრა მოვაწყვე ორბანის წამყვან ოპოზიციონერთან. ჩემი მიზანი იყო გამეგო, რა არ მოსწონდათ მასში ფიდესის მთავრობის ოპონენტებს. ჩემმა თანამოსაუბრემ, უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩამოთვალა უკმაყოფილების მთელი რიგი მიზეზები. მათ შორის ახსენა, რომ: უნგრეთი არ უშვებს ერთსქესიანთა ქორწინებას და არ აძლევს ერთსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის უფლებას. ლიბერალმა პროფესორმა თქვა, რომ მას მტკიცედ სჯეროდა გეების უფლებების, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, თუ რას ფიქრობდა ტრანსგენდერების საკითხზე.
ჩვენი საუბრის დასასრულ პროფესორმა დაასკვნა: „მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემს კლასში შემიძლია ვთქვა ყველაფერი, რაც მინდა და მთავრობისგან არავინ შემაწუხებს“.
ვუთხარი, რომ იგივე სიტუაციაა შეერთებულ შტატებშიც − ჩემს ქვეყანაში. მაგრამ, მე მას ასევე ვუთხარი, რომ აშშ-ში არსებობს რამდენიმე უნივერსიტეტი, სადაც ის, რაც თქვენ თქვით, რომ არ იცით, რას ფიქრობთ ტრანსგენდერიზმზე − ზოგიერთ სტუდენტს გულზე მოხვდებოდა და სავარაუდოდ თქვენ წინააღმდეგ სარჩელსაც შეიტანდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციაში, რის შედეგად დიდი ალბათობით სამსახურს სამუდამოდ დაკარგავდით.
ასე რომ, ვიმსჯელოთ „ვინ არის უფრო თავისუფალი: თქვენ, როგორც ლიბერალი პროფესორი ორბანის უნგრეთში, თუ მე − თქვენი კოლეგა ბაიდენის ამერიკაში?“
პროფესორი შოკირებული ჩანდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა ასეთი კატასტროფული იყო აშშ-ის კოლეჯების კამპუსში. ძნელია მისი დადანაშაულება − თუ მისი ინფორმაციის ძირითადი წყარო ამერიკული ან ევროპული გაბატონებული მედიაა, ცხადია მას სიმართლეს არავინ ეტყოდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს ისეთი ტიპის საბავშვო ლიტერატურას, სადაც ლგბტ-თემატიკის პროპაგანდას აქვს ადგილი. პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მაშინ თქვა, რომ კანონის მიზანია მშობლებს უფლება მისცენ თავად გადაწყვიტონ, თუ როდის გააცნონ მათ შვილებს ლგბტ- თემატიკა.
ევროპული ელიტები განრისხდნენ. ევროკავშირის ცამეტმა ლიდერმა საპასუხოდ ხელი მოაწერა წერილს, რომელიც ლგბტ-უფლებების გაძლიერების ვალდებულებას გულისხმობს. მარკ რუტე, ჰოლანდიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ყველაზე შორს წავიდა და განაცხადა, რომ „უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის“.
დაფიქრდით ამაზე: მარკ რუტეს, NATO-ს მომავალ გენერალურ მდივანს, მიაჩნია, რომ სახელმწიფო რომელიც ბავშვებისთვის ზღუდავს ინფორმაციას ქვიარ-სექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ, არის ქვეყანა, რომლის ადგილი ევროკავშირში არ არის. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, დასავლეთ ევროპაში ორბანს მხარი არავინ დაუჭირა.
სწრაფად გადავინაცვლოთ 2024 წლის აგვისტოში. მთელ ბრიტანეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, როდესაც თეთრკანიანმა მუშათა კლასის ბრიტანელებმა აღშფოთება გამოხატეს მიგრანტების გახშირებულ დანაშაულთა გამო და იმ ფაქტის გამოც, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა არაფერს აკეთებს თავშესაფრის მაძიებელთა ტალღის შესაჩერებლად. კირ სტარმერის ლეიბორისტული მთავრობა კი ძალადობას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით პასუხობს.
როგორც ფრენკ ჰევილენდმა დეტალურად აღწერა The European Conservative-ში, პოლიცია ჩვეულებრივ ბრიტანელებს აპატიმრებს, ზოგიერთ მათგანს კი საკმაოდ მკაცრი სასჯელიც შეუფარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ მედიაში რაღაც მიუღებელი დაწერეს. როგორც ჰევილენდი აღწერს, დაპატიმრება შერჩევით ხასიათს ატარებს და მთლიანადაა მიმართული თეთრკანიანებსა და არამუსლიმებზე; სტარმერის მთავრობა რასობრივ უმცირესობებს და წინასწარმეტყველის მიმდევრებს გაცილებით მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე მკვიდრ ბრიტანელ მოსახლეობას.
ვითარება იმდენად მძიმეა გაერთიანებულ სამეფოში, რომ ყოფილი დეპუტატი და ტორი ჩინოვნიკი ლორდ დევიდ ფროსტი უკვე ღიად აცხადებს, რომ ბრიტანეთი თავისუფალი ქვეყანა აღარ არის. ლორდ ფროსტი აღნიშნავს, რომ ქვეყნის კანონები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სახელმწიფოს დესპოტურ უფლებამოსილებებს ანიჭებს − უფლებამოსილებებს, რომლებსაც ლეიბორისტი პრემიერი ახლა დაუნდობლად ახორციელებს.
ამ ყველაფრის ერთ-ერთი პრაქტიკული პრობლემა, მისი თქმით, არის ის, რომ ახლა უკვე შეუძლებელი გახდა პატიოსნად მსჯელობა იმ რეალურ კრიზისებზე, რომლებსაც ბრიტანეთი აწყდება მასობრივი მიგრაციისა და დანაშაულის გამო. როგორ შეძლებს საზოგადოება გაუმკლავდეს სერიოზულ პრობლემებს, თუ თვითონ ამ პრობლემებზე საუბრის გამო შესაძლოა ვინმე დაიჭირონ?
„ჩვენ ვამაყობდით იმით, რომ თავისუფალი ქვეყანა ვიყავით, სადაც თავისუფლად შეგვეძლო საუბარი. ეს ასე აღარაა“, − წერს ლორდ ფროსტი, − „ჩვენ, ფაქტობრივად, ყველანი დაუცველები ვართ. თუ თქვენ არასწორ მომენტში, არასწორი რამ არასწორი გზით თქვით, ნებისმიერ მომ ენტში შესაძლოა პოლიცია თქვენი სახლის კართან აღმოჩნდეს.
ფროსტი არ აზვიადებს. ეს ხდება ლიბერალურ დემოკრატიაში − სწორედ იმ ქვეყანაში, სადაც ლიბერალური დემოკრატია გამოიგონეს. დასავლეთევროპელი ლიდერებისგან კი სრული დუმილი სუფევს.
მიზეზი აშკარაა: ევროპელი ლიდერების უმეტესობა თითქმის არ ხედავს პრობლემას სტარმერის მთავრობის ნაბიჯებთან დაკავშირებით და აუცილებლად გეგმავს იმავეს გაკეთებას საკუთარი ხალხის მიმართ, თუ მსგავსი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდება. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იანვარში გამოსვლისას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაასახელა „დეზინფორმაცია“, როგორც ევროპისა და მისი ბიზნესლიდერების წინაშე მდგარი უდიდესი გამოწვევა. არა მასობრივი მიგრაცია, არა მერყევი ეკონომიკა, არა ომი უკრაინაში, არამედ დეზინფორმაცია.
რატომ? − ფონ დერ ლაიენმა ეს იმიტომ თქვა, რომ თავისუფალ ადამიანებს მათი აზრის გამოხატვა შეეზღუდოთ. თავისუფალი ადამიანების კონტროლი რთულია და შესაბამისად მათგან უსიტყვო მორჩილებასაც არავინ ელის.
„ყოველთვის იქნება მცდელობები, რომ ჩვენ საკუთარი გზიდან გადაგვიყვანონ“, − თქვა ფონ დერ ლაიენმა, − „მაგალითად, დეზინფორმაციით, და არსად ყოფილა იმაზე მეტი დეზინფორმაცია, ვიდრე უკრაინის საკითხზე.
მართლაც: 2022 წელს დივერსანტებმა ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენი ააფეთქეს, რომელსაც რუსული ბუნებრივი აირი ევროპაში გაჰქონდა − ამ მოვლენამ დიდი დარტყმა მიაყენა ევროპის ეკონომიკას. აფეთქებამდე რუსეთი ევროპას ბუნებრივი გაზის 46 პროცენტს აწვდიდა; დღეს ეს რიცხვი მხოლოდ 16 პროცენტია. მაშინ, თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ გაზის მიწოდების მიზანმიმართულ შეფერხებას უმკაცრესი პასუხი მოჰყვებოდა ევროპული მთავრობების მხრიდან.
გასულ კვირას, Wall Street Journal-მა რამდენიმე სანდო უკრაინულ წყაროზე, ასევე დასავლური დაზვერვისა და პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა აგენტებმა ააფეთქეს მილსადენი. გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინასწარ იცოდა ოპერაციის შესახებ და CIA-ს ზემოქმედების შედეგად მილსადენის აფეთქება დაუშვა.
ფონ დერ ლაიენი უკრაინის მხარდასაჭერად ევროპის მასშტაბით კამპანიის წინა ხაზზე იყო. 2023 წელს მან წინ წამოსწია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობა. ახლა, როდესაც უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, უკრაინამ თავად ააფეთქა ევროპის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ეს კრიტიკული ნაწილი, როგორ შეუძლიათ ფონ დერ ლაიენსა და დანარჩენ მმართველ კლასს შეინარჩუნონ თავიანთი ურყევი პროუკრაინული პოზიცია?
დავოსის იმავე გამოსვლაში ფონ დერ ლაიენმა იმის საწინააღმდეგო რამ გააკეთა, რასაც მანამდე ამბობდა და დეზინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, რუსეთმა სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური მარცხი განიცადა და აქედან გამომდინარე დაასკვნა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს ამ ომში.
2024 წლის ზაფხულის ბოლოს უკვე ცხადია, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს ამ ომში, მიუხედავად მისი ამჟამინდელი კონტრშეტევისა რუსეთში. მაგრამ ფონ დერ ლეიენის დავოსში საუბრის დროს ბევრისთვის ეს უკვე გასაგები იყო. საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსმა ანატოლი ლივენმა მაშინ შენიშნა, რომ: „უკრაინელებს გასამარჯვებლად ცოცხალი ძალის უპირატესობა 3/2 ზე პროპორციით მაინც უნდა ჰქონდეს. ასევე უმნიშვნელოვანესია უპირატესობა შეიარაღების კუთხითაც, რაც ომის პირველ წელს უკრაინას ჰქონდა. თუმცა, ახლა ყველანაირი უპირატესობა რუსეთის ხელშია და მათი მოტყუება რთულ ამოცანას წარმოადგენს“.
წარმატებებს გისურვებთ „მეტი შეიარაღების მიწოდებაში“. ევროპისა და ზოგადად დასავლეთის იარაღის წარმოების სიმძლავრე ცივი ომის შემდეგ საგრძნობლად შენელდა და არა უკრაინის, არამედ საშინაო საჭიროებების უზრუნველსაყოფადაც კი არ არის საკმარისი.
ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რუსეთი ყვავის. როგორც BBC იტყობინება ზაფხულის დასაწყისში, რუსეთის ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლური სანქციების ქარცეცხლში გაეხვია, სწრაფად ვითარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ რუსეთის ეკონომიკა წელს 3,2%-ით გაიზრდება, უფრო მეტით ვიდრე ნებისმიერი განვითარებული დასავლური ეკონომიკა. დასავლური ბაზრების დაკარგვამ აიძულა რუსები სხვაგან ეპოვათ რუსული პროდუქციის გასაღების ბაზრები. ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ უმძლავრესი ეკონომიკური სანქციები დააწესეს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო რუსეთისთვის ხელშესახები დარტყმა მიეყენებინა.
ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რა თქმა უნდა, დიპლომატიური და საგარეო პოლიტიკური დარტყმა იყო რუსეთისთვის, რომელსაც ამ ქვეყანასთან საკმაოდ გრძელი საზღვარი აქვს. მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთის პასუხმა უკრაინის ომზე რუსეთი უფრო დააახლოვა ჩინეთთან, რომელსაც შეერთებული შტატები დიდი ხანია საკუთარ მთავარ კონკურენტად მიიჩნევს. ამერიკისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ორი ბირთვული ზესახელმწიფოს ალიანსის გაძლიერება გამარჯვებად ჩაითვალოს, თუმცა შესაძლოა ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მოვლენები სხვაგვარად ჩანს.
ყოველ შემთხვევაში, ეს პუნქტები სადავოა და მათზე დისკუსია შესაძლებელია. 2022 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვიქტორ ორბანი სკეპტიკურად უყურებდა ამ ომში NATO-ს როლს. მან თავიდანვე თქვა, რომ უკრაინას არ აქვს გამარჯვების შანსი და რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ. ამისთვის ორბანს დასავლური ისტებლიშმენტი უმწვავესად დაუპირისპირდა და პუტინის ლაქიაც კი უწოდეს.
ერთი წლის წინ ორბანმა ასევე გააფრთხილა დასავლეთი, რომ უკრაინის საშემოდგომო კონტრშეტევა წარუმატებლობისთვის იყო განწირული. ის ამაშიც მართალი იყო. შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ სურდა ორბანის მოსმენა. დასავლეთმა ორბანი პრორუს პოლიტიკოსად გამოაცხადა და მის განცხადებებს, ხშირ შემთხვევაში რუსული დეზინფორმაციის იარლიყსაც აკრავდნენ.
სიტყვის თავისუფლების დასავლური პოლიტიკა არის სწორედ ის, რაზეც ლორდ ფროსტი ბრიტანეთში მიუთითებს. ქვეყნის გადაუდებელ პრობლემებსა და მასობრივ მიგრაციაზე საუბრისას გაბატონებული მედია აუცილებლად ეცდება თქვენს მარგინალიზებას. ამ საკითხების ღია განხილვა უბრალოდ არასასურველია ელიტების მიერ, ხოლო გამოხატვის შეზღუდვების შემოღების შემდეგ შესაძლოა ადამიანები მხოლოდ იმის გამო დააკავონ, რომ მათ აზრი გამოთქვეს კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით.
ეს უნგრეთში არ ხდება. მართალია, უნგრეთი ზღუდავს ბავშვებსა და არასრულწლოვანებში ლგბტ სექსუალური შინაარსის პროპაგანდას, მაგრამ უნგრელები არ ჩასხდებიან ციხეში სოციალური მედიაში მიმების გავრცელებისთვის, მთავრობის კრიტიკისთვის, ან პირად მიმოწერაში „უხეში შეურაცხმყოფელი“ შეტყობინებების გაგზავნისთვის (როგორც გაერთიანებული სამეფოს 2003 წლის კომუნიკაციების აქტში წერია). უნგრეთს არ აქვს მიგრანტების დანაშაული, ან რასობრივი კონფლიქტები ხელისუფლების მიერ დაშვებული უკონტროლო მიგრაციის გამო. საპირისპიროდ, დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტური ევროპის ბევრ ქვეყანაში, უახლოეს მომავალში შესაძლოა სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებები გაჩნდეს.
გასაკვირი არ არის, რომ ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა გაფრთხილება გაუგზავნა ილონ მასკს X-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ. მასკის სოციალური მედიის ქსელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პლატფორმებს შორის, სადაც ბრიტანელებს შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ რასობრივი არეულობების შესახებ, რომელიც ოფიციალურ ნარატივს ეწინააღმდეგება. თუ ამ ელიტებს − მათ შორის მედიაელიტებს − შეუძლიათ ილონ მასკისა და ვიქტორ ორბანის წარმატებით დემონიზაცია, მათ ასევე შეუძლიათ პასუხისმგებლობა აირიდონ საკუთარ წარუმატებლობებზე − მათ შორის იმაზეც, რომ ევროპელ ხალხს სიმართლეს ვერ ეუბნებიან.
თუ ლორდი ფროსტი მართალია და გაერთიანებული სამეფო აღარ არის თავისუფალი ქვეყანა სიტყვის თავისუფლების დესპოტური შეზღუდვის გამო, უნგრეთში სრულად საპირისპირო სიტუაციაა. გასულ კვირას პაბში ლუდი მივირთვი კონსერვატორ ინგლისელთან ერთად, რომელსაც უნგრეთში საცხოვრებლად გადმოსვლა ჰქონდა განზრახული. იგი გაკვირვებული იყო ბუდაპეშტში დიდი რაოდენობით ბრიტანელისა და სხვა ევროპელების ყოფნით, რომლებიც კრიმინალსა და მასობრივი მიგრაციის შედეგად დამდგარ რეალობას გამოექცნენ.
„მიკვირს, რომ ჟურნალისტები ამ თემაზე ჯერ არ მუშაობენ“, − თქვა მეორე ინგლისელმა ჩვენს გარემოცვაში. უნგრეთის შესახებ დასავლური მედიის ყველა წინაპირობა ერთსა და იმავეს გულისხმობს: ვიქტორ ორბანი ვერასოდეს იქნება მართალი. რა თქმა უნდა, უნგრეთი არ არის უფრო თავისუფალი, ვიდრე დიდი ბრიტანეთი. ნუ იქნებით ასეთი თავხედები…
წყარო: https://europeanconservative.com/articles/commentary/what-does-it-mean-to-be-a-free-country/