არჩილ გორდულაძე: ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ გვინდა გვქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ჩვენი სურვილი განპირობებულია პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებით

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ გვინდა გვქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ჩვენი სურვილი განპირობებულია პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებით

როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაში არის მითითებული, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ გვინდა გვქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ჩვენი სურვილი განპირობებულია პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებით, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამ საკვანძო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

„პირველი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი რეჟიმის გასამართლება. ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დანაშაულები, რა თქმა უნდა, უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე.

მეორე - ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ოჯახის სიწმინდე, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი მომავალი თაობა, უნდა იყოს დაცული ნებისმიერი პროპაგანდისგან და განსაკუთრებით ლგბტ პროპაგანდისგან. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო სხვა კანონებში შევიტანოთ ცვლილებები, არამედ კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ ჩვენი მომავალი თაობის დაცვის გარანტიები.

და მესამე - ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი მნიშვნელობით გარანტია იმისა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, მშვიდობის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი დადგება, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენ თვითონ, ქართველ ხალხთან ერთად უზრუნველვყოთ იმ ცვლილებების განხორციელება“, - განაცხადა გორდულაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.