მიხეილ სარჯველაძე: ნამდვილად არ გვაქვს ასეთი განცდა, რომ საქართველო არ უნდა უფრთხილდებოდეს, ზოგადად, საკუთარ სტატუსს, საკუთარ სუვერენიტეტს, საკუთარ ეროვნულ ინტერესებს

მიხეილ სარჯველაძე: ნამდვილად არ გვაქვს ასეთი განცდა, რომ საქართველო არ უნდა უფრთხილდებოდეს, ზოგადად, საკუთარ სტატუსს, საკუთარ სუვერენიტეტს, საკუთარ ეროვნულ ინტერესებს

პირველი, უნდა ვთქვა, რომ ის ცალკეული გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიღებული, განცხადებები, რომელიც გაკეთდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მეც დავეთანხმები იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, შეცდომა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეს იყო შეცდომა, რომელიც უნდა შევაფასოთ სწორედ ამ შინაარსით, იმის გათვალისწინებით, რომ არ ჰგონია ასეთი გადაწყვეტილებებით ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის კარგი რამ კეთდებოდეს.

„თავი დავანებოთ ცოტა ხნით რომელიმე ხელისუფლებას, გინდა საქართველოში და გინდა შეერთებულ შტატებში, ვის რა პოზიცია აქვს. რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა. ამ თვალსაზრისით მე არ მგონია, რომ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომელიც მოვისმინეთ, მათ ჰქონდათ პოტენციალი, რომ ჩაგვეთვალა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში რაღაც პოზიტიური წვლილის შემტან აქტივობებად. მე ვთვლი მაინც, რომ ამ შემთხვევაში, ზუსტად ამ თვალსაზრისით, ეს იყო შეცდომა.

დავუშვათ შეწყდა რომელიმე კვლევითი მიმართულებით რაღაც აქტივობა, რომელსაც ვახორციელებდით შეერთებული შტატების მხარდაჭერით, მათთან ერთობლივად, რომლითაც ალბათ სარგებელს მიიღებდა ქართული მხარეც და ამერიკული მხარეც. არ ვიცი, ამით თუ თვლის ვინმე, რომ რამე კარგი მოხდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, მე ეს ასე არ მგონია და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს არის შეცდომა.

რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, როგორია დღეს ეს ურთიერთობები. პირველი რაც უნდა ითქვას, რომ რასაკვირველია, ყველას კარგად ესმის, რომ ურთიერთობები არის გართულებული. გართულებული, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ შეცდომებით გამოწვეული გართულებებია, რომელიც, მათ შორის, ზოგიერთ ქართველს ალაპარაკებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს საუკუნეში შეიძლება სუვერენიტეტი სულ არაფრად არ ღირდეს. მე ასე არ ვფიქრობ და იმ გუნდს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, რომელსაც მე წარმოვადგენ, ნამდვილად არ გვაქვს ასეთი განცდა, რომ საქართველო არ უნდა უფრთხილდებოდეს, ზოგადად, საკუთარ სტატუსს, საკუთარ სუვერენიტეტს, საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ვისთან ურთიერთობაშიც არ უნდა იყოს ეს და მე არ მგონია, ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ასეთი დამოკიდებულება, ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსი და განცდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი იმიტომ მოვიპოვეთ, მაგალითად, 1990-იანი წლების დასაწყისში იმიტომ აღვიდგინეთ ეს სუვერენიტეტი, რომ ეს უბრალოდ ვინმეს მართვაში უნდა გადავცეთ.ასეთი დამოკიდებულება, ვფიქრობ, რომ არასწორია და არამართებული იქნება.

რაც შეეხება ურთიერთობებს, რთული ურთიერთობებია, გართულებულ ფაზაშია. მიუხედავად ამისა, ალბათ ზუსტად ყველაზე სწორი ნაბიჯი რაც ბოლო დროს მოვისმინეთ ამ მიმართულებით, იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელმაც გამოხატა სურვილიც და მზადყოფნაც, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.