ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს სჭირდება ის, რომ შეთანხმდნენ რამეზე, რაც უნდათ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ ქვეყანაში რომ მოხდეს, ეს ვთხოვე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
იაგო ხვიჩია ერთ-ერთი ოპოზიციონერი იყო, რომელიც სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრას ესწრებოდა.
მისივე თქმით, ამერიკელი კონგრესმენების პოზიციაა, რომ თავად საქართველოსთვის ისედაც ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააგრძელებენ, მაგრამ მთავარი საქმე ქართველების გასაკეთებელია.
„საჯარო ნაწილი იყო ის, რომ საუბრობდნენ მხოლოდ ჩვენი სტუმრები. მათ აღწერეს საკუთარი ვიზიტის მიზანი, რომელიც ბევრჯერ არის გახმოვანებული. თქვეს, რომ შეხვდნენ ყველას და ასევე, გვითხრეს, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენს ხელშია და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. საჯარო სივრცეში ქართულ მხარეს არაფერი გვილაპარაკია, მაგრამ პირად საუბარში ვთხოვე ის, რომ რაც სჭირდება ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს არის ის, რომ შეთანხმდნენ რამეზე, რაც უნდათ რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს ერთად იყვნენ, მე ვუთხარი ჩვენ პარტნიორებს, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ და მხოლოდ ამერიკის ავტორიტეტს შეუძლია ის, რომ ეს ხალხი ერთად დასვას და საქმეზე დაელაპარაკონ ერთმანეთს. მე ეს ვთხოვე, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათი პოზიცია ის იყო, რომ თვითონ ისედაც ყველაფერს აკეთებენ და ამას გააგრძელებენ, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია, ქართველების და უნდა დავსხდეთ. როგორც თვითონ ორპარტიული დელეგაცია გვესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის კრიტიკოსები არიან ჩვენ საქმეს ერთად აკეთებენ, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენც ოღონდ საკუთარი თავისთვის. მათი მესიჯი ჩემთვის ძალიან გასაგები იყო. იმედია, ჩემი კოლეგებიც გაიგებდნენ.
საჯარო საუბარი არ ყოფილა, ყველა ინდივიდუალურ რეჟიმში ელაპარაკებოდა ჩვენს სტუმრებს. ამიტომ, ამის შინაარსი არ ვიცი. ვიცი თვითონ იმის შინაარსი, რაც ილაპარაკეს ამერიკელმა სტუმრებმა. მიღება იყო და მათ შორის, წახალისებული იყო ინდივიდუალური საუბრის რეჟიმი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.