ბო ნისენი „დემოკრატიის ფესტივალზე“: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებასა და გაძლიერებას

ბო ნისენი „დემოკრატიის ფესტივალზე“: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებასა და გაძლიერებას

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებასა და გაძლიერებას, - ამის შესახებ დანიის პარტიებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბო ნისენიმ ქუთაისში, მედიასთან განაცხადა, სადაც „დემოკრატიის ფესტივალი“ იმართება.

მისივე თქმით, დანიის პარტიებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მხარს უჭერს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დეპოლარიზაციას და პოლიტიკური ძალების თანამშრომლობას.

„სწორედ ეს არის მთავარი იდეა, რომ დემოკრატიული პროცესები იყოს მშვიდობიანი, ნაკლებად პოლარიზებული, დემოკრატია იყოს უკეთესი და ძლიერი“, - აღნიშნა ბო ნისენიმ.

„დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით შეფუთული ღონისძიება კახეთის შემდეგ, დღეს ქუთაისში იმართება.

საქართველოში დანიის საელჩო არ პასუხობს „იმედის“ შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა დანიის მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიის ფესტივალზე“ მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერები და ჰქონდა თუ არა ამაზე საელჩოს რეაგირება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მანამდე დემოკრატიის სახელით ფესტივალი თელავში ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.