რაც მთავარია, ადამიანი დაბრუნდა სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და სახელმწიფოს აზროვნების ცენტრში და ეს მომავალშიც ასე იქნება. ყველა, ვინც ამას უპირისპირდებოდა და არღვევდა კანონს, რა თქმა უნდა, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და მათ სამართლებრივ პასუხისგებაზე ისაუბრა.
„ვისთვის ურმით, ვისთვის მატარებლით, მაგრამ სამართალი საბოლოოდ მაინც მოვიდა. რა თქმა უნდა, რჩებიან ადამიანები და ასევე, რადიკალი ლიდერები, რომლებიც დღემდე უტიფრად განაგრძობენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრას.
ჩვენ გვჯერა და ჩვენს საზოგადოებასაც სურს იგივე, რომ ამ ადამიანებმა პასუხი აგონ საკუთარ დანაშაულებზე, ის, რაც ჩაიდინეს ჩვენი ხალხის, ქვეყნისა და ერის წინაშე. ჩვენ შევძლებთ, რომ ხალხთან ერთად ქვეყანა ევროპულ გზაზე დაგვებრუნებინა. რაც მთავარია, ადამიანი დაბრუნდა სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და სახელმწიფოს აზროვნების ცენტრში და ეს მომავალშიც ასე იქნება. ყველა, ვინც ამას უპირისპირდებოდა და არღვევდა კანონს, რა თქმა უნდა, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მმართველი გუნდი 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გასამართლებისთვის ემზადება. სამართლებრივი ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა მიზანი გარკვეულია. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, იმ მოღალატეობრივი ქმედებისთვის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ომიდან ორ თვეში, ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე ხელის მოწერით ჩაიდინა, ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.