2012 წლიდან ამბობდა ივანიშვილი, რომ რუსეთში ყველა ქონებას გაყიდდა, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენი, ესეც მოატყუა საზოგადოებას. მაინც და მაინც ქონებით თუ იყო საჭირო დადასტურება იმისი, რომ ივანიშვილს აქვს კავშირები რუსეთთან, უკვე ამითაც დადასტურდა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ რუსეთში ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას 2012 წლიდან მუდმივად ატყუებს და მედიაში რუსეთში მის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, მისი შეფასებით კიდევ ერთი დამადასტურებელი არგუმენტია, რომ მას რუსეთთან კავშირი აქვს.
„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი ბიძინა ივანიშვილისგან, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ 2012 წლიდან ის ამბობდა, რომ ყველა ქონებას, რაც აქვს რუსეთში, გაყიდის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გაყიდა, ან შეიძინა. ერთი სიტყვით ჩვენ არ გვჭირდება მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ ივანიშვილი მუდმივად ატყუებს საქართველოს მოსახლეობას.
მაინც და მაინც ქონებით თუ იყო საჭირო დადასტურება იმისი, რომ ივანიშვილს რუსეთთან კავშირი აქვს, ამითაც დასტურდება, მაგრამ მხოლოდ ქონებით არ დასტურდებოდა ეს, არაერთი სატელეფონო ზარი გამოაქვეყნა მედიამ, იმის დამდასტურებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად არის რუსეთის ფედერაციასთან კავშირში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა.
კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, „აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი - გაცილებით მეტი“.
ამასთან, მათივე ცნობით, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით, 9,000 დოლარად (დაახლოებით, 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, „ვითიბი ბანკი“ და „სბერბანკი“.
„ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზე. ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს. მოსკოვური ქონების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს პრემიერის რანგში შევსებულ ერთადერთ დეკლარაციაში ნახსენები აქვს. თუმცა, ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში 2021 და 2024 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ, მოხდა“, -აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.