ირაკლი ქადაგიშვილი: არც ერთი პრეზიდენტი ტელევიზორიდან არ გეტყვის, ტანკში ჩაჯექი და რუსეთს ომი გამოუცხადეო, მაგრამ საქართველოზე ზეწოლა იყო - ბიძინა ივანიშვილთან ჯავახეთის ტყეების ფლორასა და ფაუნაზე სალაპარაკოდ არავინ ჩავიდოდა!

ირაკლი ქადაგიშვილი: არც ერთი პრეზიდენტი ტელევიზორიდან არ გეტყვის, ტანკში ჩაჯექი და რუსეთს ომი გამოუცხადეო, მაგრამ საქართველოზე ზეწოლა იყო - ბიძინა ივანიშვილთან ჯავახეთის ტყეების ფლორასა და ფაუნაზე სალაპარაკოდ არავინ ჩავიდოდა!

უკაცრავად და, არც ერთი პრეზიდენტი ტელევიზორიდან არ გეტყვის, ტანკში ჩაჯექი და რუსეთს ომი გამოუცხადეო, მაგრამ საქართველოზე მთელი ზეწოლა იყო დახურულ კარს მიღმა თუ მოწყობილი მიტინგებით - დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და პლურალიზმი და არა ის, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი რა წერილს მისწერს სალომე ზურაბიშვილს გასამხნევებლად! - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

კითხვაზე - რას გულისხმობს დახურულ კარს მიღმა განხორციელებულ ზეწოლაში, ქადაგიშვილმა განმარტა, რომ "ბიძინა ივანიშვილთან სამი საათი ჯავახეთის ტყეების ფლორასა და ფაუნაზე სალაპარაკოდ არავინ ჩავიდოდა".

ქადაგიშვილის თქმით, „აშშ-ს ელჩი ივანიშვილთან სალაპარაკოდ ჩავიდა, როცა ჩათვალა, რომ პრემიერ მინისტრთან ლაპარაკის შემდეგ, იქ ჩასვლა იყო საჭირო“.

ქადაგიშვილის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილი წერილი ადასტურებს, რომ „ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლასა და არაობიექტურ მიდგომას“.

„ბატონი პრეზიდენტის (ჯო ბაიდენის) განცხადებაში წერია "ანტიდემოკრატიული ქმედებები". მას ამის არც ერთი მაგალითი არ მოჰყავს, გარდა იმისა, რომ ასახელებს კანონს, რომელსაც თვითონ ამერიკელებმა "რუსული" დაარქვეს. კანონის დასახელებაში კი ისეთ სიტყვას იყენებს, რაც კანონში საერთოდ ნახსენები არ არის. მგონი, არც ერთს ეს კანონი წაკითხული არა აქვს და არ იციან, რატომ არის რუსული და რატომ არ არის ამერიკული, კანადური ან ფრანგული ან რატომ არ არის ფრანგული და კანადური კანონი რუსული.

ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლასა და არაობიექტურ მიდგომას.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს გამოწვეულია არა მიღებული კანონით, არამედ გამოწვეულია იმით, რომ საქართველომ ყველაზე მაღლა საკუთარი ეროვნული ინტერესები დააყენა და არ ჩაერთო ომში! ის რომ საქართველოს და ჩინეთს შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სტრატეგიული თანამშრომლობა და მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ესეც არის საკითხი, რაც გაღიზიანებას იწვევს.

ყველას აქვს საშუალებას იმისა, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები მინიმალურად მაინც დაიცვას და საქართველოს არა აქვს!

საქართველოს არა აქვს უფლება, რომ თავის ეროვნული ინტერესები დაიცვას, რათა 2008 წლის აგრესია არ განხორციელდეს. საქართველოს მათ შორის არა აქვს უფლება „შუა დერეფნის“ კორიდორი განავითაროს ჩინეთთან ერთად.

გამომდინარე აქედან, რა ვქნათ ჩვენ - გავხდეთ სხვა ქვეყნის ინტერესების მომსახურე თუ ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი?! – „ქართული ოცნებას“ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველი იქნება. ამას საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაცია - იქნება „დემოკრატები“ თუ "რესპუბლიკელები" - ადრე თუ გვიან დადებითად შეაფასებს.

მთელი უკრაინის მაღალჩინოსნები მიტინგებზე, ვიდეო-ჩართვების დროს ამბობდნენ: - უვარგისი მთავრობა გყავთ, რადგან რუსეთზე შეტევას არ ახორციელებს და არ ხდება ცხინვალსა და აფხაზეთში ტანკებით გასეირნება. პირდაპირ მიტინგებზე გვეუბნებოდნენ, რომ სირცხვილი იყო რუსეთთან დაკავშირებით შემტევ პოზიციას რომ არ ვირჩევდით და ამას მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა. უკაცრავად და, არც ერთი პრეზიდენტი ტელევიზორიდან არ გეტყვის, ტანკში ჩაჯექი და რუსეთს ომი გამოუცხადეო, მაგრამ საქართველოზე მთელი ზეწოლა იყო დახურულ კარს მიღმა და მოწყობილი მიტინგებით.

ჩვენ ამას გავუძელით და ამის გამო მოხდა მთელი ზეწოლა - ეს იყო კანდიდატის სტატუსის არმონიჭებაც, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ყველა რეფორმით პირველ ადგილზეა არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.