ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშესაწყობად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისია იმუშავებს

ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშესაწყობად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისია იმუშავებს

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის" ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

მთავრობის განკარგულებით, კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას.

კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი,  საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ თბილისის მერს კახა კალაძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს მამუკა ხაბარელს, შპს „ემ თი ეის" დირექტორს ირაკლი ბურჭულაძეს და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეკატერინე ორჯონიკიძეს.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის სამდივნოს ფუნქციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეასრულებს.