11 სექტემბერს ბერლინის ქართველ საზოგადოებამ გამართა სამგლოვიარო კრება 1924 წლის აჯანყების მერვე წლის თავის აღსანიშნავად. წარმოითქვა დღის შესაფერი სიტყვები. ხალხი მრავლად დაესწრო.
30 აგვისტოს აქ მოეწყო საღამო ილია ჭავჭავაძის ტრაგიკულად გარდაცვალების 25 წლისთავის აღსანიშნავად. საღამოს გამმართველთა სახელით მრავალრიცხოვან კრებას შესავალ სიტყვაში მიესალმა აქაურ ქართველობის უხუცესი გრ. დიასამიძე და კარგად ჩამოსხმულ სიტყვაში დაახასიათა ილიას მოღვაწეობა: მწერლის, საზოგადოებრივ მუშაკის, ადამიანის. შემდეგ ილაპარაკეს: დ. ღამბაშიძემ, ტ. მარგველაშვილმა, მ. წულუკიძემ, გ. გელაზანიამ და ნ. ნაკაშიძემ.
ამას წინათ აქაურ ქართველ კოლონიის საზოგადო კრებაზე მოხსენება გააკეთა თურქესტანის განმათავისუფლებელ კომიტეტის თავმჯდომარემ ბ. მუსტაფა ჩოკაიმ. მეტად საინტერესო და შინაარსიანი მოხსენება ბ. ჩოკაიმ დაამთავრა მოგონებებით საქართველოზე, სადაც ის კარგა ხანი ცხოვრობდა ჩვენი დამოუკიდებლობის დროს.
ამ მოკლე ხანში მოხდება ქართველ საზოგადოების წლიური კრება, რომელმაც უნდა მოისმინოს გამგეობის და სარევიზიო კომისიის მოხსენება. შემდეგ მოხდება ახალი გამგეობის და სარევიზიო კომისიის არჩევნები.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას