ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი დასახვრეტთა სიის თავში მოქცეული კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებაში

ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი დასახვრეტთა სიის თავში მოქცეული კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებაში

კონსტანტინე გამსახურდიას რთული ბიოგრაფია ჰქონდა. მან იცხოვრა ისეთ პერიოდში, რომელიც მძიმე გამოცდა იყო ყოველი მოქალაქისთვის და მით უმეტეს, ისეთი შემოქმედისთვის, პატრიოტულ-ეროვნულ იდეალებს რომ ემსახურებოდა. რევოლუციების ხანა, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ბოლშევიკური ტირანია... ამ წლებში მოუხდა კონსტანტინე გამსახურდიას თავისი რომანების, ნოველებისა და ესეების წერა. მწერლის პროტესტი იყო, ალბათ, მისი პატიმრობებისა და დევნის მთავარი მიზეზი.

უფრო დაწვრილებით ამ მიზეზებსა და შედეგებზე ჩვენი რესპონდენტი ფილოლოგი, პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება.

პირველად კონსტანტინე გამსახურდია დააპატიმრეს 1914 წელს გერმანიაში. რა იყო მისი დაპატიმრების მიზეზი?

- როგორც მოგეხსენებათ, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წელს. ამ დროს კონსტანტინე გამსახურდია სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში და ცხოვრობდა გერმანიაში თავის მეუღლესთან, რებეკა ვაშაძესთან ერთად. დააპატიმრეს ორივე, იმიტომ რომ იყვნენ რუსეთის მოქალაქეები. ამ დროს კი, რუსეთთან ომი ჰქონდა გერმანიას და რუსეთის ყველა მოქალაქე კანონგარეშედ გამოცხადდა. ყველაფერს ართულებდა კიდევ ერთი ფაქტი – ცნობილია, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმი ყოველთვის შეიმჩნეოდა. ამ ფონზე რებეკას სახელი და მით უმეტეს, მამის სახელი ისაია, გერმანელებმა მიიღეს ებრაელების სახელად. არადა, ისაია, მღვდელი გახლდათ და არც მას და არც მისი ქალიშვილის სახელს არაფერი კავშირი არ ჰქონდა ებრაელობასთან. კონსტანტინე გამსახურდია მოათავსეს ტრაუნშტაინის საკონცენტრაციო ბანაკში, ხოლო რებეკამ მიიღო სამშობლოდან საბუთები, რომ ის არის მღვდლის ქალიშვილი, ქრისტიანი, მართლმადიდებელი და დააბრუნეს რუსეთის იმპერიაში. 6 თვის შემდეგ კონსტანტინე გამოუშვეს. ის დარჩა გერმანიაში და რამდენიმე წელი იქ ცხოვრობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გერმანიის საელჩოშიც მუშაობდა.

ამის შემდეგ რა ხდება დიდი მწერლის ცხოვრებაში?

- 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკები შემოიჭრნენ საქართველოში, რაც იყო ეროვნული კატასტროფა, კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვინც არ შეურიგდა ბოლშევიკურ ტირანიას. ამ დროს მწერალი იყო ჟურნალ „ილიონის“ რედაქტორი. 1922 წელს კონსტანტინე გამსახურდია დააპატიმრეს და მოათავსეს მეტეხის ციხეში. თუმცა, ამ პერიოდისთვის, ჯერ კიდევ ლიბერალურად იქცევიან ბოლშევიკები. ცდილობდნენ, რომ ეროვნულ ძალებთან არ გაემწვავებინათ ვითარება და კონსტანტინე გამსახურდია, ინტელიგენციის შუამდგომლობით, გაათავისუფლეს.

1924 წელს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა საქართველოს თავს. დაიწყო აჯანყება ბოლშევიზმის წინააღმდეგ. ამის შედეგად 5 ათასზე მეტი ადამიანი დახვრიტეს, დაიჭირეს უამრავი საქართველოს მოქალაქე და მათ შორის კონსტანტინე გამსახურდიაც. მაშინ ყველაფერს განაგებდა „ჩეკა“, ამიტომ მარტივად წყდებოდა საქმე: სიკვდილი ან სიცოცხლე. ამჯერად რამდენიმე თვე იჯდა კონსტანტინე გამსახურდია ციხეში, სადაც თავს პირობა მისცა, თუ ცოცხალი გადარჩებოდა, ის წიგნი დაეწერა, რომელიც სიცოცხლის მთავარ მიზნად მიაჩნდა. კონსტანტინეს ვერ დაუმტკიცდა აჯანყებაში მონაწილეობა და გათავისუფლებიდან 9 თვის მუშაობის შემდეგ, დაწერა პირველი რომანი „დიონისოს ღიმილი.“ 1926 წლის 1 მარტს კონსტანტინე გამსახურდია კვლავ დააპატიმრეს.

ამჯერად რა აღმოჩნდა მწერლის დაპატიმრების საბაბი?

- მიზეზი ამ დაპატიმრებისა იყო ის, რომ კონსტანტინე მწერალთა მეორე ყრილობაზე კრიტიკული სიტყვით გამოვიდა ბოლშევიკური მმართველობის წინააღმდეგ. ეს ეხებოდა კულტურას.

კონსტანტინე გამსახურდია ჯერ საქართველოს ციხეში იყო, შემდეგ მოსკოვში, „ჩეკას“ ციხეში. მიუსაჯეს 7 წლით პატიმრობა და გადაასახლეს თეთრ ზღვაში მდებარე სოლოვკის არქიპელაგზე. კონსტანტინე გადასახლებაში იმდენად ცუდად გახდა, სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა. ის ვერ შეეგუა ჩრდილოეთის სასტიკ ჰავას. კონსტანტინე გამსახურდიას დედას დააწერინა ინტელიგენციამ წერილი, რომ ავადმყოფობის მოტივით გაეთავისუფლებინათ მისი შვილი გადასახლებიდან. ფილიპე მახარაძე დაეთანხმა გათავისუფლებას, მაგრამ ხელისუფლებას სჭირდებოდა „ჩეკას“ დასტური, რომლის თავმჯდომარეც ლავრენტი ბერია იყო. ბერიამ უარყოფითი დასკვნა მისცა წერილს. მოგვიანებით, მას პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს და საქართველოში დააბრუნეს. ამ პერიოდში კონსტანტინე გამსახურდიას გარდაეცვალა დედა, რომლის დაკრძალვასაც მწერალმა ვერ ჩამოუსწრო.

თურმე, თბილისში ჩამოსულ კონსტანტინეს ხშირად ნახავდით პატიმრის ქურთუკში, რომლითაც დემონსტრაციულად დააბიჯებდა ხოლმე რუსთაველის გამზირზე. ბერიამ შეუთვალა, თუ არ გადააგდებ მაგ ქურთუკს, ისევ იქ გაგაბრუნებ, საიდანაც ჩამოხვედიო.

როგორ მოიქცა კონსტანტინე გამსახურდია?

- რა თქმა უნდა, მეორე დღესვე მოიშორა პატიმრის ქურთუკი. 1937 წელს, როდესაც სტალინმა გააკეთა მოხსენება მოსკოვში ცეკას პლენუმზე, მან გამოაცხადა ტერორი ტროცკისტებისა და მისთვის მიუღებელი ანტისაბჭოთა ელემენტების წინააღმდეგ. შესაბამისად, ბერიამ, 1937 წლის მაისში საქართველოშიც იგივე გაიმეორა და ტექსტი შეავსო ქართული გვარებით. აქ მან წამოსწია მისთვის მიუღებელი და როგორც მაშინ უწოდებდნენ, ხალხის მტრების სახელები. ესენი არიან: კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და გიორგი ლეონიძე. რა თქმა უნდა, სხვებიც სასტიკად გააკრიტიკა ბერიამ, მაგრამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამ 5 ადამიანის სახელს. ამის შემდეგ, მწერალთა კავშირში იმართება პლენუმები, სადაც სასტიკად ამუშავებენ მათ.

კონსტანტინე ამ დროს ძალიან მძიმე პირობებში იყო. როგორც მისი ქალიშვილი იხსენებს, ღამეს სახლშიც არ ათევდა მწერალი, ვინაიდან ჩეკისტებს წესად ჰქონდათ ღამე დაპატიმრება. ბერიამ ერთ დროს დასკვნა არ დაწერა გამსახურდიას გათავისუფლებაზე, მაგრამ 30-იან წლებში, როდესაც ის გახდა საქართველოსა და ამიერკავკასიის ცეკას ხელმძღვანელი, ცდილობდა ძველ ინტელიგენციასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა და ისინი საბჭოთა მთავრობასთან შემოერიგებინა. ამ თვალსაზრისით აარჩევინა ბერიამ აკადემიაში ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი დეპუტატი გახდა და ასე შემდეგ. მათ შორის მოხვდა კონსტანტინეც, რომელმაც ამ პერიოდში დაწერა „მთვარის მოტაცება“. ლავრენტი ბერიას ძალიან მოსწონდა ეს რომანი, რადგან მთავარი პერსონაჟები არიან აფხაზები, არის მეგრულ-აფხაზური გარემო. თვითონ ბერია აფხაზეთიდან იყო, გულრიფშიდან და მისთვის ეს გარემო ძალიან მშობლიურად აღიქმებოდა. როგორც ზვიად გამსახურდია ამბობდა ხოლმე, „მთვარის მოტაცება“ თვითონ ბერიას არ წაუკითხავს, მაგრამ ცოლი უკითხავდა საღამოობითო. ბერიას სიამოვნებდა ცოლის მიერ საღამოობით წაკითხული მეგრული ამბები, ეროტიკული ფრაგმენტები... საინტერესოა, რომ მწერალთა კავშირში მოეწყო ამ რომანის განხილვა, რომელიც ერთი კვირა გრძელდებოდა.

განხილვები მთავრდებოდა ღამის 3 საათზე და ცხენოსანი პოლიცია იცავდა მწერალთა კავშირს, იმდენი მსურველი იყო, რომ დასწრებოდნენ ამ ღონისძიებას. აქ გამოდის სიტყვით მთელი იმდროინდელი ინტელექტუალური ელიტა და ეს რომანი შეფასდა, როგორც დიდი მოვლენა ქართული კულტურაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა გამსახურდიას პოპულარობას, თუმცა, მეორე მხრივ ხაზს უსვამდა მის წარსულს და ამიტომ იყო, რომ 1937 წელს დასახვრეტთა სიის თავში მოექცა, მაგრამ, როგორც ვთქვით, ბერიამ მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. შესაძლოა, ასე იმიტომაც მოიქცა, რომ ახლოვდებოდა სტალინის 60 წლის იუბილე. ბერიას დაწერილი ჰქონდა ბოლშევიკების ისტორია ამიერკავკასიაში, რისთვისაც ლენინური პრემია მიანიჭეს. მან წამოსწია სტალინის როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახლა მას სჭირდებოდა ბელადის როლი ხელოვნებაშიც წარმოეჩინა. ნაჩვენები უნდა ყოფილიყო სტალინის გმირული სახე. ამიტომ, ბერიამ დაიბარა მიხეილ ჯავახიშვილი და უთხრა, დაეწერა რომანი სტალინზე. ჯავახიშვილი დაეთანხმა და საუკეთესო პირობები მოითხოვა: მანქანა, კომფორტული გარემო. ბერიას დასტური არ უთქვამს.

ამის შემდეგ გამოიძახა გამსახურდია და იგივე შესთავაზა. კონსტანტინე დაეთანხმა, სხვა გამოსავალი არც ჰქონია არც ერთს. რაც შეეხება პირობებს, მან ქაღალდი და საწერ-კალამი მოითხოვა. რა თქმა უნდა, გამსახურდიას პირობები უკეთესი იყო მთავრობისთვის და გადაწყდა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას დაეწერა რომანი სტალინზე. მართლაც, 1939 წელს გამოვიდა ტრილოგია „ბელადის“ პირველი წიგნი. გარდა ამისა, ბერიამ გამსახურდიას კიდევ შესთავაზა, რომ ისტორიულ თემაზე დაეწყო მუშაობა. ამის შედეგად იწერება გამსახურდიას რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“. იგი მწერალმა 6 თვეში დაასრულა, „ბელადზე“ მუშაობის შუალედში.

პირადად სტალინმა როგორ მიიღო ეს რომანები?

- „ბელადი“ არ მოეწონა სტალინს. უთქვამს: მე ასეთი ბავშვობა არ მქონიაო. ეს რომანი, რა თქმა უნდა, ოსტატურად არის დაწერილი, მაგრამ ცხადია, შელამაზებულია. რაც შეეხება „დიდოსტატის მარჯვენას“, ეს რომანი ბერიამ სიმონ ჯანაშიას ხელით გაუგზავნა სტალინს. წიგნი იმავე ღამეს წაუკითხავს ბელადს. გათენებისას დაურეკავს ბერიასთვის და უთქვამს: ეს რა შესანიშნავი მწერალი გვყოლია და მე მის შესახებ არ ვიცოდიო. ამის შემდეგ ამ ნაწარმოებს აღარავინ აკრიტიკებდა. ერთადერთი წიგნი, რომელსაც კომუნისტები აღიარებდნენ კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებიდან, იყო „დიდოსტატის მარჯვენა“. ის სასწრაფოდ ითარგმნა სხვადასხვა ენებზე. ამის შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ მუშაობა დაიწყო „დავით აღმაშენებელზე“.

1939 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გადაეღოთ ფილმი დავით აღმაშენებელზე, ან გიორგი სააკაძეზე. ესეც ბერიას იდეა იყო. კონსტანტინემ დაწერა სცენარი დავით აღმაშენებელზე, გიორგი ლეონიძემ და ანა ანტონოვსკაიამ – გიორგი სააკაძეზე. სტალინი გაეცნო სცენარს და უპირატესობა ანტონოვსკაიას „გიორგი სააკაძეს“ მიანიჭა. „დავით აღმაშენებელი“ დაიწუნეს და ამის შემდეგ კონსტანტინემ დაიწყო რომანზე მუშაობა.

როდის გამოვიდა „დავით აღმაშენებლის“ პირველი წიგნი?

- 1942 წლის იანვარში გამოდის „დავით აღმაშენებლის“ პირველი წიგნი, რომელიც კარგად მიიღეს რუსებმა. რომანი იბეჭდებოდა „ნოვი მირში“, მაშინდელ ნომერ პირველ საბჭოთა ჟურნალში. თუმცა, საბოლოოდ, სტალინური პრემია არ შეხვდა რომანის ავტორს.

1946 წელს დაიწყო ჟდანოვშინა საბჭოთა ხელოვნებასა და მეცნიერებაში. მოგეხსენებათ, ჟდანოვი იყო ცეკას მდივანი და ომის დროს ლენინგრადის ობკომის პირველი მდივანი, ამავე დროს სტალინის მძახალი (სვეტლანა ალილუევას მამამთილი). იგი დიდი უფლებებით სარგებლობდა, ფაქტობრივად, მეორე კაცი იყო საბჭოთა კავშირში. მან დაიწყო მხილება ბურჟუაზიული გადახრებისა საბჭოთა ხელოვნებაში, მათ შორის ლიტერატურაში. საქართველოს ხელისუფლებაც იძულებული შეიქნა თავის რიგებში ანტისაბჭოთა ელემენტები ეძებნა. ამ ძიებაში ხელში შერჩათ კონსტანტინე გამსახურდია. აკრძალეს მისი წიგნი – „ნოველები“. დაიბეჭდა მწვავე კრიტიკული წერილები გამსახურდიას წინააღმდეგ. მწერალი გამოიყვანეს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის შემადგენლობიდან. შეწყდა მისი შვიდტომეულის გამოცემა ქართულ ენაზე და ოთხტომეულისა – რუსულ ენაზე. „დავით აღმაშენებლის“ დაბეჭდილი მესამე ტომი აკრძალეს და დაწვეს მთელი ტირაჟი. კონსტანტინე, ფაქტობრივად, შინა პატიმრობაში იყო წლების განმავლობაში. ამასთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას ბრალდებოდა გერმანიასთან კავშირი.

როგორც ჩანს, კონსტანტინე გამსახურდიას არ აპატიეს, საელჩოში მუშაობა.

- ასეა. მას გაუხსენეს 1926 წლის პატიმრობის ფაქტიც, როდესაც ერთ-ერთი მუხლი წაყენებული დანაშაულისა იყო გერმანელებთან შპიონაჟი. სწამებდნენ, რომ თუ ჰიტლერი შემოვიდოდა, თურმე გამსახურდიას სთავაზობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს. ამის გამო კანდიდ ჩარკვიანმა და მაშინდელმა შინსახკომის ხელმძღვანელმა რაფავამ სტალინს გაგრაში ჩააკითხეს და ითხოვეს გამსახურდიას დაპატიმრების სანქცია.

როგორი იყო სტალინის პასუხი?

 

-  სტალინმა განაცხადა, რომ ჩვენ იგი უნდა ავლაგმოთ, ჭკუა უნდა ვასწავლოთო, მაგრამ დაპატიმრებაზე უარი განაცხადა. ამას დაერთო მეორე უბედურება, 1951 წელს საბჭოთა კავშირში დაიწყო ეგრეთ წოდებული მეგრელიზაციის ამბები, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ბერიას წინააღმდეგ. მაშინ ცეკას მდივანი იყო აკაკი მგელაძე. მან გააკრიტიკა გამსახურდია და ითხოვა მისი დაპატიმრება, მაგრამ სტალინმა ამჯერადაც თავი შეიკავა მწერლის დაპატიმრებაზე.

მალე სტალინი გარდაიცვალა, შემდეგ დახვრიტეს ბერია. საბჭოთა კავშირში ვითარება შეიცვალა და ისევ მობრუნდა ახალი წინააღმდეგობა გამსახურდიას წინააღმდეგ.

კერძოდ...

- გამსახურდიას იმიტომ ექცეოდა ბერია კარგად, რომ ამით კონტრრევოლუციონერს ინახავდა და იფარავდაო. ამავე მოტივით, მაშინ აკადემიიდან გარიცხეს შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე... ინაურმა, რომელიც იმდროინდელი უშიშროების მინისტრი იყო, მოინდომა გამსახურდიას დაპატიმრება და მოსკოვში წერილი გააგზავნა. მაშინ როდესაც ბერია ქვეყნის მოღალატედ გამოცხადდა და დახვრიტეს, დაგმეს სტალინის კულტი, აღარავის სურდა ახალი პროცესების წამოწყება, ამიტომ ამჯერადაც უარი განაცხადა მოსკოვმა გამსახურდიას დაპატიმრებაზე. თუმცა, მას ბრალდება შპიონაჟის შესახებ მოეხსნა მხოლოდ 1958 წელს.

ამ პერიოდში დაწერა მან „ვაზის ყვავილობა“, რომელიც იყო კომპრომისული ხელისუფლების მიმართ და მას ხალხში არავითარი პოპულარობა არ ჰქონია.

ასეთი რთული და მძიმე ცხოვრება ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლების ხელში კონსტანტინე გამსახურდიას. მწერალი გარდაიცვალა 1975 წელს.