ყველა ქვეყანა თავის ფულს განკარგავს ისე, როგორც მისი სურვილია. მაგრამ თუკი ვინმეს თანამშრომლობა ერევა გავლენების მოპოვებაში, თუნდაც საქართველოს პარლამენტზე, ეს არის მიუღებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ზოგიერთი დონორის მხრიდან შეჩერებულ დახმარებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განკარგავს თავის ფულს, თუმცა ეს დახმარება უნდა გამომდინარეობდეს თანამშრომლობიდან და არ უნდა იქცეს გავლენების მოპოვების მცდელობად.
„ყველა ქვეყანა თავის ფულს განკარგავს ისე, როგორც მისი სურვილია. ეს მათი ხალხის ფულია და ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ, რომ საკუთარი ხალხის ფული დახარჯონ ქართველ ხალხზე. თუკი ვინმეს აქვს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ თუკი ვინმეს თანამშრომლობა ერევა გავლენებში და გავლენების მოპოვებაში, თუნდაც საქართველოს პარლამენტზე, ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის. საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ქართველ ხალხს და მოქმედებს ქართველი ხალხის დაკვეთით. მათ შორის „გამჭვირვალობის კანონი“ პარლამენტმა მიიღო ქართველი ხალხის ნებით. და თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რაღაც ფინანსური თანამშრომლობის მექანიზმები გამოიყენონ ზეწოლის ბერკეტად, ეს კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობის და დახმარების ეთიკას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.