მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ბოლო დროს „გლობალური ომის პარტიისთვის“ არასასურველ პოლიტიკურ ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის წერს ამ ჩამონათვალშია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატზე განხორციელებული თავდასხმები და ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, თავდასხმები ხდებოდა ადრე და არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თუ განვითარების რა ეტაპზე იმყოფებოდა ესა თუ ის ქვეყანა. თუ ეს თავდასხმები ქართველიშვილის აზრით, მცირე გავლენას ახდენდა ისტორიის ზოგად მსვლელობაზე, ახლა, აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმა უკვე სერიოზულ საშინაო კრიზისს იწვევს. „როგორც ჩანს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე „შემთხვევით“ გახსნეს ის „პანდორას ყუთი“, რომელმაც ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო „ლიცენზიების“ გაცემა ყველა იმ უხერხულ და არასასურველ მსოფლიო ლიდერთა ფიზიკურ ლიკვიდაციაზე, ვისი დღის წესრიგიც არ შეესაბამება „გლობალური ომის პარტიის“ შორს მიმავალ გეგმებს. მსოფლიომ შეიტყო მთელ რიგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე, საეჭვო ვითარებაში თავდასხმის მცდელობაზე, სატელეფონო „მეგობრულ გაფრთხილებაზე“ მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე, გაურკვეველ პირობებში ირანის პრეზიდენტის დაღუპვაზე, „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ ლიდერების ლიკვიდაციაზე და ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით ჩვენთან მიმდინარე გამოძიებაზე. ეს ყველაფერი კი 15 მაისს დაიწყო. სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს სიცოცხლის ხელყოფის ველური მცდელობა გახდა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად მყიფეა, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური რეჟიმები, ათეულობით წლების წინ მოპოვებული დამოუკიდებლობის მიუხედავად. და საქმე სულაც არ არის იმაში, რომ მსოფლიოში ზოგადად არსებობს პოლიტიკური მკვლელობების გარკვეული „ტრადიცია“. მსგავსი რამ მოხდა ბევრგან გასული ათწლეულების განმავლობაში − აყვავებულ შვედეთსა თუ სერბეთში, ამერიკაში, პრეზიდენტები არაერთგზის დაჭრეს ან მოკლეს; იტალიაში, 50 წლის წინ, პრემიერმინისტრი ალდო მორო გახდა ტერორისტების მსხვერპლი, ისევე, როგორც შვედეთში ქვეყნის პრემიერი ულოფ პალმე. თითოეული ეს ტრაგედია განსაკუთრებული გარემოებების შედეგი იყო და მცირე გავლენა იქონია ისტორიის ზოგად მსვლელობაზე, ხოლო მსგავსი მოვლენები აღმოსავლეთ ევროპაში იმ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რომ სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმა უკვე სერიოზულ საშინაო ან თუნდაც საერთაშორისო კრიზისს იწვევს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები არ არიან სათავისოდ საკმარისად სტაბილურები და მათი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი გარე ძალების შეჯახების ველი. და თუ ეკონომიკურ ისტორიაში არსებობს „გვიანდელი ინდუსტრიალიზაციის“ კონცეფცია, მაშინ პოლიტიკასთან მიმართებით აღმოსავლეთევროპელების ბედი შეიძლება განისაზღვროს, როგორც „გვიანდელი სახელმწიფოს მშენებლობა“. შესაძლებელია თუ არა ასეთ პირობებში წარმატების მიღწევა, ჯერ კიდევ სერიოზული საკითხია. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვინახავს ისეთი ქვეყნების დამაჯერებელი მაგალითები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს განვითარების მსგავსი ტემპით გამოწვეული საბედისწერო ჩამორჩენის შედეგები. პრინციპში, შერაცხადი ადამიანის შეიარაღებული თავდასხმა სახელმწიფო მოხელეზე მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ არის კმაყოფილი არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ გატარებული კურსით, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს იმ მთავარი მისიისა და კურსის ჩავარდნას, რომელიც დასავლეთმა თავის თავზე აიღო ცივი ომის დასრულების შემდეგ − თავისი პროტექტორატის ქვეშ აყვანილ ქვეყნებში (რომლებიც ადრე სსრკ-ის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ), ყოვლისმომცველი სტაბილურობის მიღწევის სახით. ევროკავშირის (NATO-ს მსგავსად), აღმოსავლეთით გაფართოების ერთ-ერთი მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და იქ მოქმედი პოლიტიკური სისტემების მშენებლობის ხელშეწყობა. და თუ თანამემამულეთა არჩევანთან პიროვნულმა უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლების მეთაურის მოკვლის სურვილი, მაშინ შევთანხმდეთ, რომ ასეთ საზოგადოებაში სტაბილური დემოკრატია არასოდეს აგებულა. მეტიც − მაშინვე გაისმა საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთ სხვა აღმოსავლეთევროპელ პოლიტიკოსს (პოლონეთში, სერბეთსა თუ უნგრეთში) ასევე უნდა ჰქონდეს სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის შიშის საფუძველი. აღარაფერს ვამბობთ ირაკლი კობახიძესთან განხორციელებულ „მეგობრულ“ სატელეფონო ზარზე. და ჩნდება გონივრული შეკითხვა: თუ საკუთარი პროტექტორატის ქვეშ აყვანილ სახელმწიფოებში გარე კონტროლის განხორციელება „დემოკრატიის“ განვითარების მიზნით (ამ შემთხვევაში „ძველი“ დასავლეთის მხრიდან) არ უზრუნველყოფს დაპირებულ სტაბილურობას, მაშინ რისკენ არის ყოველივე ეს საერთოდ მიმართული? სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღემდე ვერ დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ ჯანმრთელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, უაღრესად წესიერი ადამიანია და თავისი თანაგუნდელების მსგავსად, უფრო საკუთარი ქვეყნის ბედზე ფიქრობს, ვიდრე პირად კარიერაზე. თუმცა, ასეთი ტრაექტორია საკმაოდ სარისკო ხდება იმ პირობებში, როდესაც ძლიერი გარე ძალები, რომლებსაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს მხოლოდ საკუთარი სტრატეგიული პრობლემების გადაჭრის პლაცდარმად განიხილავენ. ამ შემთხვევაში საუბარია უპირველესად შეერთებულ შტატებსა და მის ბრიტანელ მოკავშირეებზე, რომლებისთვისაც გასატარებელი საგარეო პოლიტიკა განიხილება მხოლოდ რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირების პერსპექტივების ჭრილში. ხოლო ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ინსტრუმენტია ამ გლობალურ ბრძოლაში დომინირებისთვის. იცვლება მხოლოდ მიზნების გადაადგილება, გამომდინარე არა პარტნიორებთან ურთიერთობის პერსპექტივიდან, არამედ იქიდან, თუ როგორ შეიძლება ამ ქვეყნების გამოყენება „გლობალური ომის პარტიის“ თამაშში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ამა თუ იმ ვასალად გამოსაყენებელი სახელმწიფოს ნამდვილ ინტერესებთან. შედეგად კი, გვაქვს განხეთქილება ელიტასა და მოსახლეობას შორის, ვისთვისაც ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია გარედან ნაკარნახევი ძალაუფლების მქონე, არაფორმალური მმართველობის ახირებაზე. ამ ახირების ერთ-ერთი ფიზიკური გამოხატულებაა ლიბერალური დასავლური მედიის აქტივობა, რომლებიც სიამოვნებით ატარებენ აღმოსავლეთ ევროპის არასასურველ პოლიტიკოსებს ცილისწამებისა და დეზინფორმაციის „ხორცსაკეპ მანქანაში“. ასე მაგალითად, ერთ-ერთმა ბრიტანულმა გაზეთმა რობერტ ფიცოზე თავდასხმის შემდეგ, პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სლოვაკეთის დაჭრილი პრემიერ-მინისტრის ფოტო წარწერით „პუტინის მოკავშირე“. მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის „ურჩი“ ლიდერების მიმართ მსგავს აგდებულ დამოკიდებულებასაც რომ დავანებოთ თავი, ან „გლობალური ომის პარტიის“ მიერ განხორციელებულ პირდაპირ დივერსიებსაც კი, ბევრად სერიოზული პრობლემაა თანამედროვე სამყაროში ამ რეგიონში შემავალ სახელმწიფოებში, სტაბილურობაზე აგებული მომავლის მშენებლობა და საკუთარი ადგილის პოვნა ბევრად დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო კონფიგურაციებში. ამ რეგიონის სახელმწიფოები მაშინ დაიბადნენ, როცა საერთაშორისო პოლიტიკაში ყველა ძირითადი ძალა უკვე ჩამოყალიბდა. ჩინეთმაც კი, რომელმაც 1837-1949 წლებში განიცადა საშინელი აჯანყებების ასწლეული, გაიარა ისინი უკვე დამოუკიდებლად განვითარების ათასწლიანი ისტორიის გამოცდილების ხარჯზე. ინდოეთიც, რომელიც მე-18 საუკუნეში მოექცა უცხოური მმართველობის ქვეშ, მანამდე იყო მის ტერიტორიაზე დიდი სახელმწიფოების ასობით წლის განმავლობაში არსებობის გამოცდილების მატარებელი. რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი თუ დიდი ბრიტანეთი გასული საუკუნის დასაწყისშივე იყვნენ ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციების მქონე იმპერიები. აღმოსავლეთ ევროპაში შემავალ სახელმწიფოებს არ გააჩნდათ მსგავსი მდიდარი, საკუთარი პოლიტიკური კულტურა და ტრადიციები, და ვერც მეოცე საუკუნის მშფოთვარე მოვლენებმა მისცეს მათ ამ მიმართულებით რაიმე სერიოზული წინსვლის საშუალება. ამ პროცესების დასაწყისს ახლა, ჩვენ თვალწინ ეყრება საფუძველი, რასაც ყველანაირად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური „ჟანდარმი“. მსოფლიოს ამ რეგიონში ყალიბდება ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მეგობრობისა და პარტნიორული ურთიერთობების საფუძვლები, ასე რომ ჩვენს თანამოაზრეებს და ერთსულოვან მოკავშირეებს „გლობალური ომის პარტიის“ მეტასტაზებიდან გათავისუფლების გზაზე − მხარდაჭერა და თანადგომა ვუსურვოთ," - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.