აღნიშნული მოვლენა სწორად შეაფასა პრემიერმა, მან ამ ფსევდო დემოკრატიის ფესტივალს ავტორიტარიზმის ფესტივალი უწოდა, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ არასამთავრობო ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე საუბრისას.
„ფაქტი ჯიუტია - ამ ადამიანებს ჰქონდათ გამოფენილი არა დემოკრატიული ლოზუნგები და არა ის სახელმძღვანელოები, სადაც შეიძლება დემოკრატიის პრინციპების ამოკითხვა, არამედ იყო სააკაშვილის ბანერები. ზედაპირზე უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში დანიის ჩარევა დევს. დასანანია რომ დასავლელი პარტნიორი ქვეყანა გარკვეული ინსტიტუციის მეშვეობით ასე უხეშად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.