არჩილ თალაკვაძე: ამბობენ, „სამართალი ურმით დადისო“, მაგრამ ბატონ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს როგორც ჩანს, არჩევნების წინ სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია

არჩილ თალაკვაძე: ამბობენ, „სამართალი ურმით დადისო“, მაგრამ ბატონ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს როგორც ჩანს, არჩევნების წინ სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია

ამბობენ, სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ბატონ [მამუკა] ხაზარაძეს და [ბადრი] ჯაფარიძეს, როგორც ჩანს, სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია არჩევნების წინ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა.

დეპუტატი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„საკუთარ სამშობლოსა და სახლს სთხოვდნენ მილიარდ-ნახევარი დოლარის კომპენსაციას. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, მოქალაქეებს უნდა გადაეხადათ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ 650 000 დოლარი სახელმწიფოსთვის თვითონ აქვთ გადასახდელი. ისინი საკუთარ სახელმწიფოს აბრალებდნენ პროექტის ჩავარდნას, სინამდვილეში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მათ გამო დაიკარგა დრო, შემოსავალი და პორტის პროექტი ამიტომ გადაიდო დროში. თუმცა, ამას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. საქართველოს ეკონომიკას გავაძლიერებთ და რა თქმა უნდა, განვავითარებთ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.