ცინიკურია ის ფაქტი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს საქართველოში დემოკრატიის ფესტივალს, - ამგვარად შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ თელავში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალი“, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პავილიონებს დაეთმო.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ მართლაც შევქმენით ქვეყანაში ისეთი გარემო, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება. დემოკრატიის ფესტივალი თუ უნდათ, უნდა დაიწყონ არჩევნების შედეგების პატივისცემით, პარლამენტის სხდომებში მონაწილეობით, არგუმენტირებული დისკუსიით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.