საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო გასულ წელს შოვში დატრიალებულ ტრაგედიას არ იძიებს. პაპუაშვილის შეფასებით, ამ პოლიტიკური გაერთიანების სიყალბე დაინახა არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, არამედ ამის შესახებ საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი.
„რაც შეეხება „ლელოს“ კომენტარს, უფრო სწორედ განცხადებას, აქ კომენტარსაც არ გავაკეთებ. ამ პარტიის მთელი სიყალბე უკვე დაინახა არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ ეს საერთაშორისო მასშტაბით გახდა უკვე ცნობილი. დამფუძნებლები სასამართლოს მიერ დადასტურებულად თაღლითებად არიან ცნობილი. ასევე, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ისინი ცრუ პრეტენზიით ითხოვდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს იმისათვის, რომ ჯიბეში ჩაედოთ. საერთოდ პოლიტიკაში რომ რჩებიან ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ეს სიყალბე გამოვლინდა, თურმე რისთვის უნდოდათ მათ პოლიტიკაში ყოფნა, ეს არის საკვირველი. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ საერთოდ ღირდეს კომენტარის გაკეთება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.