შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც დღეს უპირველეს ყოვლისა იფიქრონ გარდაცვლილთა სულებზე, კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე ფიქრობენ

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც დღეს უპირველეს ყოვლისა იფიქრონ გარდაცვლილთა სულებზე, კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე ფიქრობენ

ნაცვლად იმისა, რომ ასეთ დღეებში ამ ერთიანობის ნაწილი იყვნენ, ან თუნდაც, დღეს უპირველეს ყოვლისა იფიქრონ გარდაცვლილთა სულებზე, კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე ფიქრობენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

იგი შოვის ტრაგედიაზე ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„შარშან აგვისტოს დღეებში ერის ერთიანობასთან ერთად, ჩვენ ასევე ვხედავდით, სამწუხაროდ, ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ფაქტობრივად ზურგში დანის ჩარტყმას იმ პროცესის მიმართ, რაც მიდიოდა.

გახსოვთ, რამდენი დეზინფორმაცია და ტყუილი ვრცელდებოდა. ამაზე გვქონდა კიდევაც საუბარი. 9 ყალბი ნარატივი მოვთვალეთ, როდესაც პირველივე საათებიდან დაიწყო ზოგიერთმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ სიყალბისა და სიცრუის გავრცელება. ესეც სამწუხარო ნაწილია ჩვენ საზოგადოებაში. ნაცვლად იმისა, რომ ასეთ დღეებში ამ ერთიანობის ნაწილი იყვნენ, ან თუნდაც, დღეს უპირველეს ყოვლისა იფიქრონ გარდაცვლილთა სულებზე, კვლავ სპეკულაციით ფიქრობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი გავიდა. რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ერთი დაღუპული ჯერ კიდევ ნაპოვნი არ არის. 32-ე, ბოლო ცხედარი მაშველებმა 2023 წლის 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.