ჩვენ ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც არ მოერიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის შემოპარებას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სუსში მიმდინარე გამოძიების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საერთო ჯამში, ვხედავთ რომ გამოძიება მიდის, ზედმეტი დეტალები ჩვენთვის არც არის ცნობილი, თუმცა საფუძველი არსებობს, რადგან გამოძიება ამ მხრივ მიდის და მეორეც არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მოლოდინიც გვაქვს.
ჩვენ ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც არ მოერიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის შემოპარებას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააორგანიზეს მისი შემოსვლა არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე იმისთვის, რომ აერიათ აქ სიტუაცია. ასე, რომ მათგან გასაკვირი არაფერი არ არის და პირიქით, სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი ჯგუფები არის ჩვენთან, რომლებიდანაც ყველაფერი მოსალოდნელია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.