აკაკი ბობოხიძე: მკვეთრმა შეფასებებმა, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილს ახასიათებს, თავი იჩინა - თუ ამომრჩეველი უნდა დავყოთ სოფლელებად და ქალაქელებად, ცხვრის ფარად და მაღალი ხარისხის ამომრჩევლებად, ეს კატეგორიულად მიუღებელია

აკაკი ბობოხიძე: მკვეთრმა შეფასებებმა, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილს ახასიათებს, თავი იჩინა - თუ ამომრჩეველი უნდა დავყოთ სოფლელებად და ქალაქელებად, ცხვრის ფარად და მაღალი ხარისხის ამომრჩევლებად, ეს კატეგორიულად მიუღებელია

ადამიანებს არ უნდა აკადრო ის, რაც თამარ ჩერგოლეიშვილმა იკადრა, ეს იყო ნამდვილად ძალიან მძიმე სიტყვიერი და დამოკიდებულებითი კონფლიქტი , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა “ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, გიგა ბოკერიას, თამარ ჩერგოლეიშვილისა და მათი თანამოაზრეების მიერ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

ბობოხიძის განმარტებით, კონფლიქტი საპარლამენტო სიის გამო არ დაწყებულა, მისი გუნდი კი არჩევნებში მონაწილეობას ისევ აპირებს და ამასთან, მზად არის, კოალიციაც შექმნას სხვა პარტიებთან.

კერძოდ, ბობოხიძის თქმით, თავი იჩინა თამარ ჩერგოლეიშვილის მკვეთრმა შეფასებებმა, კატეგორიულად მიუღებელი ფორმით: „თურმე, აკაკი ბობოხიძისა და გიგი წერეთლის მხარდამჭერ სიას ვინც აძლევს ხმას, ის ცხვარია“, ხოლო , ვინც ჩერგოლეიშვილსის სიას უჭერდა მხარს, მაღალიდეური.

„პრაიმერიზის წესებზე ვერ შეთანხმება სრულიად არაბუნებრივია. პრაიმერიზის წესებზე რომ ვერ შევთანხმებულიყავით, არც ჩატარდებოდა. პირიქით, მეორე მხარეც აღიარებს, რომ პრაიმერიზი ჩატარდა ძალიან კარგად, მოწესრიგებულად, ნეტავ , ასე ჩვენი ქვეყნის არჩევნები ტარდებოდეს. მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. აქ პრაიმერიზის შედეგებზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. ლაპარაკი არის გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის კონკრეტული მოქმედების შეფასების სურვილზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე.

გიგა ბოკერიას მოქმედებაზე არ ვილაპარაკებ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ის შიდა პარტიული გადაწყვეტილება იყო გიგას მხრიდან და სრულიად უპასუხისმგებლო. მეორე ნაწილი, ქალბატონი თამარის პასუხისმგებლობის საკითხი როცა დაისვა, დაისვა იმ მკვეთრი შეფასებების გამო, რომელიც, სამწუხაროდ, ქალბატონ თამარს ახასიათებს და ამ შეფასებებმა გადაინაცვლა არა პოლიტიკურ პარტნიორებთან ჩვენი თუ სხვა პარტიებიდან, არამედ ჩვენს ამომრჩეველთან დამოკიდებულებაზე. მაპატიეთ, მაგრამ, ჩვენი ამომრჩეველი თუ უნდა დავყოთ სოფლელებად და ქალაქელებად, ცხვრის ფარად და მაღალი ხარისხის ამომრჩევლებად - ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთმა სიამ მოუგო მეორეს, ჩვენმა სიამ მოიგოო - იძახიან და პირველი სიის გამარჯვებას ულოცავენ. პირველი სიის ან მეორე სიის გამარჯვება - ასეთი შეფასება წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს ორი სია ერთმანეთს ერწყმოდა და საერთო სია ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველმა სიამ გაცილებით მეტი ხმა მიიღო, ასევე ძალიან მიხარია ის ხმები, რომელიც მეორე სიამ მიიღო და მათაც უნდა გახარებოდათ ის ხმები, რომელიც პირველმა სიამ მიიღო, იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ხმები ჩვენი საერთო ხმები იქნებოდა, ჩვენი საერთო წარმატების ხმები იქნებოდა. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასებები, რომელიც შემდეგ ამას მოჰყვა, აბსოლუტურად მიუღებელია.

როგორც პირველი, ასევე მეორე სიის მხარდამჭერებში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გადამოწმებისა და გამოკითხვის დროს დაადასტურეს, რომ სხვა პარტიების მხარდამჭერები არიან და ასეთი ადამიანები პრაიმერიზიდან ამოვიღეთ.

ის მკვეთრი შეფასებები, რომელიც, სამწუხაროდ, ქალბატონ თამარს ახასიათებს და აქაც თავი იჩინა აწ უკვე კატეგორიულად მიუღებელი ფორმით, თურმე, სადღაც რაიონებში ცხვარი და ფარაა და ამას საკუთარ ამომრჩეველზე ამბობს. თურმე, აკაკი ბობოხიძისა და გიგი წერეთლის მხარდამჭერ სიას ვინც ხმას აძლევს, ის ცხვარია და ვინც ქალბატონ თამარის სიას უჭერდა მხარს, ის მაღალიდეურია. ადამიანებს არ უნდა აკადრო ის, რაც ქალბატონმა თამარმა იკადრა და ეს იყო ნამდვილად ძალიან მძიმე სიტყვიერი და დამოკიდებულებითი კონფლიქტი.

როცა ლიდერებს შორის თანხმობა ვერ დგება, ასეთ შემთხვევაში პოლიტსაბჭო წყვეტს საკითხს. პოლიტსაბჭოზე საკითხის განხილვაზე უარი განაცხადეს. ასეთ შემთხვევაში უკვე ყრილობა წყვეტს საკითხს და ყრილობის მოწვევის იდეა არ იყო ჩემი, ეს იდეა გიგას ეკუთვნოდა. როგორც კი გაიგეს, რომ გიგა არ იქნებოდა ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატი ყრილობაზე და გიგი წერეთელი მისი კონკურენტი იქნებოდა მე მხარს გიგი წერეთელს დავუჭერდი, გიგა ბოკერიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. როცა ლიდერები ვერ თანხმდებიან, მე სხვა მექანიზმს ვერ ვხედავ - ან პოლიტსაბჭო ან ყრილობა და თუ ადამიანებთან მიუღებლობა გაქვს, მაშინ ყრილობას რატომ იწვევ, ან თუ იწვევ, მერე რატომ უნდა მიატოვო.

კონფლიქტი საპარლამენტო სიის გამო არ დაწყებულა. სიას განსაზღვრავს არითმეტიკა. მე სიაში მეოთხე არ ვყოფილვარ, მეხუთე ვიყავი და ჩავწერე კიდეც.

რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი შედეგი, მითუმეტეს, ამ საპასუხისმგებლო არჩევნების წინ. არჩევნებში მაინც მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოზიცია გაცხადებული იყო - კოალიციებისთვის მზად ვართ, ამ კოალიციების ერთ-ერთი ავტორები სწორედ ჩვენ ვიყავით, გვქონდა ჩვენი პირობები და ამ პირობების ერთ-ერთი ავტორიც ვიყავი მე. ეს პირობები ძალაში რჩება, ოღონდ, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ ფაქტის შემდეგ და იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად პროცესები გრძელდება, შეიძლება, ეს რესურსი უკვე ამოწურულია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფაქტმა გარკვეული შესაძლებლობების კარი გახსნას,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ გამართა სპეციალური ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ პარტიას ტოვებდა. ამასთან ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვა თამარ ჩერგოლეიშვილმაც. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პარტიას ტოვებს ყველა ის ადამიანი „ვის სახელსაც რაიმე ახალი უკავშირდება პარტიაში“.