ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა, იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს - ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა მედიას განუცხადა.
დანიგანმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომლის თანახმად, აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს. ელჩმა განმარტა, თუ რამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან აღნიშნული ქმედებები და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან აწუხებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ, ასევე ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებულ შტატებისა და დასავლეთზე.
ამასთან ელჩმა ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც აშშ პარტნიორობის 33 წლის მანძილზე უწევს საქართველოს.
„ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები ვართ. 33 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად დავეხმარეთ სკოლებისა და კლინიკების აშენებაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას საქართველოს ხალხისთვის.
თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს - ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.
ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი.
ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი”, - დასძინა ელჩმა.