"სომხეთმა საქართველოში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დახმარების აღმოჩენას მთელი ძალისხმევა უნდა მოახმაროს. მიმაჩნია, რომ საქართველოში სომხური ენის რეგიონულად ცნობა, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის რეგისტრაცია და სომხური ძეგლების დაცვა ქართულ-სომხური მეგობრობის გამყარებას და ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაღრმავებას შეუწყობს ხელს". - სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ეს განცხადება, 2 სექტემბერს, რუსულმა სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა.
დამეთანხმებით, მთლად კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გამოვლენად ვერ ჩაითვლება ბატონი პრეზიდენტის ნათქვამი. არმენოლოგი ბონდო არველაძე მიიჩნევს, რომ სომხურის რეგიონულ ენად გამოცხადების მოთხოვნა, ფაქტობრივად, ჯავახეთის ავტონომიის მოთხოვნის ტოლფასია.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც ვიცით, რომ უკვე კარგა ხანია რუსეთი ცდილობს, კიდევ ერთი დესტაბილიზაციის კერა შექმნას საქართველოში და ჯავახეთში არეულობა მოაწყოს. სავარაუდოდ, ამისთვის რუსეთს სომხეთის დახმარება დასჭირდება. საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით, სერიოზული ზეწოლის ქვეშაა სომხეთიც, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს.
გიორგი კანდელაკი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
- ჩვენ მადლიერი ვართ სომხეთის მთავრობის, მისი პრეზიდენტის, მათ გაუძლეს რუსეთის უდიდეს ზეწოლას და არ აღიარეს ჩვენი რეგიონების დამოუკიდებლობა. ვხედავთ, რომ სომხეთის მთავრობა ითვალისწინებს სომეხი ხალხის საქართველოსთან კეთილმეზობლობის სურვილს და ინტერესს და ჩვენი ურთიერთობები სწორედ ამის ნიადაგზე შენდება.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, იმპერიას, რომელშიც ვცხოვრობდით, უმცირესობების ქართველ მოსახლეობასთან ინტეგრირების პოლიტიკა არ გააჩნდა. მაშინ ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა. დღეს გვაქვს. ჰოდა, ჩვენი სახელმწიფოს მიზანია, ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულფასოვან მოქალაქედ გრძნობდეს თავს და თვითრეალიზაციის საშუალება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკა სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში უმცირესობის წარმომადგენლებს ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქის ყველა უფლების სრულფასოვნად გამოყენების საშუალება. იყვნენ ინტეგრირებულნი როგორც საზოგადოებრივ, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამ საკითხებში საქართველო მთელ რეგიონში ყველაზე ტოლერანტულია. ჩვენთან მრავლად არის სომხური სკოლა, სომხური ეკლესია, თბილისში ფუნქციონირებს სომხური თეატრი და ა.შ.
მაშ, რას ემსახურება სომხეთის პრეზიდენტის ეს განცხადება?
- არ ვიცი, სომხეთის პრეზიდენტზე ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობით. ამისთვის, შესაძლოა, ჯავახეთიც გამოიყენონ. ამიტომ ქართველებიც და სომხებიც ჩვენს ურთიერთობებს უფრო დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
ბონდო არველაძე, არმენოლოგი:
- სომხეთის პრეზიდენტის მიერ სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადების მოთხოვნა, თითქმის ჯავახეთის ავტონომიის მოთხოვნის ტოლფასია. გეცოდინებათ, ჯავახეთში მოქმედებს სომხური ორგანიზაცია "ჯავახქი", რომელიც სწორედ ავტონომიის მოთხოვნით გამოდის. ამ განცხადებას, შესაძლოა, სერიოზული პროვოკაციები მოჰყვეს რეგიონში. ამის ბიძგის მიმცემად კი სწორედ სომხეთის პრეზიდენტის პოზიცია იქცეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამას ამბობს სომხეთის პრეზიდენტი, ვიღაც რიგითი "დაშნაკი" კი არა.
ვფიქრობ, ეს განცხადება საკმაოდ არაკორექტული და არაკეთილმეზობლურია, საქართველოსთვის მეტად სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია, რომელთა მოგვარებას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მიდგომა დასჭირდება. სარქისიანი კი ამბობს, რომ ეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობას შეუწყობს ხელს, მაგრამ ეს მისი გადმოსახდიდან, აბა, ერთი, ჩვენ გვკითხოს? ეგ თავისი სამრეკლოდან რეკავს. რა გამოდის, ჯავახეთში უნდა გამოვაცხადოთ რეგიონულ ენად სომხური, ქვემო ქართლში - აზერბაიჯანული, სადღაც ათი ქურთი ცხოვრობს ერთად და იმათთან ქურთული?! სად ნახულა ასეთი რამე? რომელ სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რომ რომელიღაც პატარა პროვინციას მიაკუთვნონ რეგიონული ენა? ეს ყოვლად მიუღებელია.
რაც შეეხება სომხური ეკლესია-ნაგებობების საკითხს, ერთ რამეს გეტყვით, არც ეგ საკითხია ისე, როგორც ეგენი აცხადებენ. 1995 წელს ერევანში გამოვიდა რუკა-ცნობარი "სომხური ეკლესიები საქართველოში", რომლის ავტორია სომეხი მეცნიერი სამველ კარაპეტიანი, როგორ ფიქრობთ, რამდენი სომხური ეკლესია იქნება საქართველოში? ამ რუკის მიხედვით ვერასდროს გამოიცნობთ.
სომხური რუკა-ცნობარის მიხედვით, საქართველოში 653 სომხური ეკლესია-ნაგებობა "აღმოუჩენიათ". აქვეა წარმოდგენილი საქართველოს სქემატური რუკა, სადაც ეს 653 "სომხური" ეკლესიაა აღნიშნული, ამას რომ დახედავს საქმეში ჩაუხედავი მკითხველი, იტყვის, რომ მთელი აღმოსავლეთ საქართველო სომხეთი ყოფილა. ამ 653 ეკლესია-ნაგებობიდან 80%, თუ მეტი არა, ქართული ეკლესია-ნაგებობაა, ოღონდ სომხურად გასაღებული. ისმის კითხვა, სომხები რომელი სომხური ეკლესია-ნაგებობების მოვლა-პატრონობას ითხოვენ საქართველოში?!