თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პარაოლიმპიურ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია, წარმატებები გისურვოთ, პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე. თქვენ ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს.
ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომელიც თქვენ თავდაუზოგავი შრომით მოიპოვეთ და თქვენ შეძელით შეუძლებელი სპორტული მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე. თქვენ ისეთი გამოწვევები გადალახეთ, რომელიც შეიძლება, ბევრისთვის იყო თავიდან წარმოუდგენელი, თუმცა თქვენი ნიჭიერებით, ნებისყოფით ყველას აჩვენეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. შესაბამისად, თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის.
მინდა კიდევ ერთხელ, წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის მზერა იქნება მიმართული პარიზისკენ და თქვენი ასპარეზობისკენ", - განაცხადა პრემიერმა.