რადგან საქართველოში სტაბილურობის, მშვიდობისა და შესაბამისად, კეთილდღეობის მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, სავსებით ლოგიკურია, რომ მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
დეპუტატმა ასევე გაიხსენა მსოფლიო ლიდერებზე თავდასხმები.
„ჩვენც და საზოგადოებასაც კარგად გვახსოვს ევროკომისრის მესიჯი, რომელიც გამოაგზავნინეს, რომ არ დაგვვიწყებოდა, რა დაემართა სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს. ასევე, გვახსოვს თავდასხმა დონალდ ტრამპზეც. მიუხედავად ამ ფაქტებისა, ვერავინ შეძლებს, რომ ხელი აგვაღებინოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობაზე, ზრუნვაზე“, - აღნიშნა გორდულაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.