ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. ამის შესახებ CNN-ი ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ჰანიეს გარდაცვალების ფაქტი „ჰამასმაც“ დაადასტურა. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰანიე ისრაელის სამხედრო ძალების რეიდის შედეგად მოკლეს. ჰანიე ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. თავდასხმას ასევე მისი მცველი ემსხვერპლა.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში CNN-ს ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი უთხრეს.
ირანის შესაბამის სტრუქტურებში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
რამდენიმე საათით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ბეირუთის ერთ-ერთ უბანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს.