პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საგარეო პარტნიორებით, უკრაინაში წასული ქართველებით და იქ მებრძოლებით გვემუქრებოდა.
წილოსანის განცხადებით, მათ ასევე ტერაქტების მოწყობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საგარეო პარტნიორებით, უკრაინაში წასული ქართველებით და იქ მებრძოლებით გვემუქრებოდა, რიგ შემთხვევაში ტერაქტების მოწყობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ სუსის მხრიდან ამ ფაქტის პრევენციამ ალბათ ბოლო უნდა მოუღოს ამგვარ მცდელობებს, რომელიც ყოველთვის არა მარტო კონკრეტულ პირებს, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს მიემართება.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.
სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.