ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის საქმეზე გამოკითხული ახმეტის საკრებულოს დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ ამბობს, რომ უკრაინაში მყოფ საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებთან კონტაქტი არ აქვს

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის საქმეზე გამოკითხული ახმეტის საკრებულოს დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ ამბობს, რომ უკრაინაში მყოფ საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებთან კონტაქტი არ აქვს

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კარლო მუხაური გამოიკითხა.

მასთან, გამოძიებას კითხვები, უკრაინაში მყოფ საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებთან კავშირსა და ურთიერთობაზე ჰქონდა. თუმცა როგორც მუხაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში 14 წელი ცხოვრობდა, მას ურთიერთობა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან არ ჰქონია.

გამოკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა კარლო მუხაურის უფლებადამცველმაც.

„მოწმის სასამართლოში გამოკითხვა ხორციელდება დახურულ სასამართლო სხდომაზე და შესაბამისად, გამოძიების მიმდინარეობის გათვალისწინებით და გათვალისწინებით იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს არა საჯაროდ, სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ საკითხთან დაკავშირებით, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ რაიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ“,-განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა.

გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვები გრძელდება სუს-ში. ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შამსუდინ ავლარიგოვი გამოიკითხა. მან საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.

სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება კიდევ ერთი პირი, რუმან ავლარიგოვი.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.