შალვა პაპუაშვილი საიაზე: SLAPP-თან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება არის აბსოლუტური სიყალბე და დეზინფორმაცია. საიას ვინც უფინანსებს ამ განცხადებებს, ის დონორი, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას

შალვა პაპუაშვილი საიაზე: SLAPP-თან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება არის აბსოლუტური სიყალბე და დეზინფორმაცია. საიას ვინც უფინანსებს ამ განცხადებებს, ის დონორი, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას

SLAPP-თან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება არის აბსოლუტური სიყალბე და დეზინფორმაცია, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „გრძელდება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების, „ქართული ოცნების” წევრებისა, და მათთან დაკავშირებული სხვა პირების მიერ, ცილისწამების მოტივით დაწყებული სამართლებრივი დავებით (SLAPP) კრიტიკული მედიის შეზღუდვა“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საიას ვინც უფინანსებს ამ განცხადებებს, ის დონორი, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და ცდილობს შექმნას ისეთი გარემო, როდესაც ადამიანი არ იბრძოლებს საკუთარი სიმართლისთვის.

„დღეს ვნახე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, ე.წ. SLAPP სტრატეგიის გამოყენებაზე. წინა ბრიფინგზეც ვთქვი, რომ ეს არის ტყუილი, რასაც ავრცელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ეს მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამას დონორები თვალს უხუჭავენ, რომ ეს ტყუილი ვრცელდება „ენჯეოების“ მხრიდან, რომ თითქოს ცილისწამების გასაჩივრება, მათ შორის, ორგანიზება ამისი, არის სტრატეგიული საჩივრების რაღაც სტრატეგია იმისთვის, რომ დატვირთოს მედიები. ეს არის ტყუილი აბსოლუტურად.

SLAPP-ი ტერმინი, რასაც ისინი გამოიყენებენ, ეს ტერმინი, უპირველეს ყოვლისა, მიესადაგება ამერიკაში, როგორც წესი საჩივრებს და გულისხმობს შემდეგ რამეს, რომ SLAPP-ი ეწოდება ისეთ სარჩელებს, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პერსპექტივა წარმატებაზე. ანუ, როდესაც მომჩივანი, მაგალითად, ცილისწამების საბაბით უჩივის რომელიმე მედიასაშუალებას თუ მნიშვნელობა არ აქვს, ორგანიზაციას, ან ფიზიკურ პირს, უჩივის, ოღონდ იცის, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება არ აქვს ამ საქმისთვის. უბრალოდ, სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე არის სისტემა აწყობილი, რომ უპირველეს ყოვლისა, ამისთვის გჭირდება შენ ადვოკატები, რომელიც ძვირი ღირს, პროცესი, რომელიც ხანგრძლივია და უწევს მეორე მხარეს ხარჯის გაწევა ისე, რომ საბოლო ჯამში, ის მეორე მხარე, ვთქვათ, მედია, მაინც მოგებული რჩება, მაგრამ მოსარჩელის მოგება იმაშია, რომ მან დრო დაახარჯვინა და თანხა დაახარჯვინა, რაც მთავარია, მედიას. სულ არ აინტერესებს საბოლოო ჯამში ის სასამართლო პროცესს მოიგებს თუ არა.

ანუ, SLAPP-ის მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა იცის, რომ მისი სარჩელი განწირულია წაგებისთვის, არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ შეაგდებს ბევრ სარჩელს იმისთვის, რომ მეორე მხარეს მოუწიოს ადვოკატების აყვანა, ხარჯის გაწევა და ამით ფინანსური ტვირთი შეუქმნას მას. ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომ, ეს არის გამოგონილი, ყალბი ტერმინი საქართველოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც, კიდევ ერთხელ, დონორების წაქეზებით ხდება ასეთი ტყუილების გავრცელება იმისთვის, რომ დააშინონ ადამიანები და გააჩუმონ ადამიანები, რომ არ უჩივლონ ცილისწამებაზე სხვებს.

რა თქმა უნდა, თუკი ცილისწამებას აქვს ადგილი, ამისთვის არსებობს კანონის უზენაესობა, რომ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, საჯარო მოხელე იქნება, პოლიტიკოსი თუ ვინც არ უნდა იყოს, რომ მიმართოს სასამართლოს. მათ შორის, არამხოლოდ შედეგები სასამართლოსი, როდესაც იგებენ ამ სარჩელებს, გვიდასტურებს, რომ ეს არანაირი SLAPP-ი არ არის და წინასწარ წაგებისთვის განწირული სარჩელი არ იყო, არამედ, კეთილსინდისიერი დამკვირვებელი თუ ჩახედავს თითოეულ ამ საქმეს, ყველა დაადასტურებს, რომ საქმე გვქონდა ცილისწამებასთან, მათ შორის, ხანდახან ცალკეული მარეგულირებელი ორგანიზაციებიც ადასტურებენ ხოლმე ამას. ამიტომ, SLAPP-თან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება არის აბსოლუტური სიყალბე და დეზინფორმაცია.

დღეს საიამ გაავრცელა, არ ვიცი ეს ერთობლივი იყო თუ ამ ორგანიზაციის, საიას ვინც უფინანსებს ამ განცხადებებს, ის დონორი, რა თქმა უნდა, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და ცდილობს, რომ გააჩუმოს ადამიანები და შექმნას ისეთი გარემო, როდესაც ადამიანი არ იბრძოლებს საკუთარი სიმართლისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.