შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძე ირანში გაემგზავრა, რათა პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა, მთელი სამეზობლო იქ იმყოფება, ეს არის ჩვენი დიპლომატიური, ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც

შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძე ირანში გაემგზავრა, რათა პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა, მთელი სამეზობლო იქ იმყოფება, ეს არის ჩვენი დიპლომატიური, ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც

ირაკლი კობახიძე ირანში გაემგზავრა, რათა პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და გვავალდებულებს როგორც ერსა და ქვეყანას, შესაბამისი თანადგომა ჭირში და ასევე, გვერდში დგომა ლხინში თუ ინაუგურაციისას გამოვხატოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ირანის პრეზიდენტის დაღუპვის ტრაგიკული ფაქტის დროს მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხის სახელით გამოეხატა სამძიმარი, ასევე მნიშვნელოვანია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობაც, როდესაც საქმე ჩვენს სამეზობლოს ეხება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, როგორც ვიცი, იქ იქნებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და გვავალდებულებს, როგორც ერს და ქვეყანას, შესაბამის თანადგომას ჭირში, ლხინში, თუ ინაუგურაციისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში გაემგზავრა იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ მას არჩევა მიულოცა ყველა ქვეყანამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც და მთელი სამეზობლო ინაუგურაციაზე იმყოფება. ეს არის ჩვენი არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც, რომ რეგიონში ასეთი ღონისძიებების დროს ქართველი ხალხი იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, აშშ-თვის ეს არის თუ არა გზავნილი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:

„რატომ უნდა იყოს რამე გზავნილი. ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში. ამ რეგიონში არ არის ხომ აშშ-ი განთავსებული?! ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სწორი ურთიერთობა ჩვენს სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი ხალხის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცოს პრეზიდენტად არჩევა და მიიღოს მონაწილეობა ინაუგურაციის პროცესში ისევე, როგორც ამას აკეთებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, თურქეთიც ასევე წარმოდგენილი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.