ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს, გვავალდებულებს, როგორც ერსა და ქვეყანას, შესაბამისი თანადგომა ჭირში და ასევე, გვერდით დგომა ლხინში, ინაუგურაციის დროს გამოვხატოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ირანის პრეზიდენტის დაღუპვის ტრაგიკული ფაქტის დროს მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხის სახელით გამოეხატა სამძიმარი, ასევე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაშიც მნიშვნელოვანია, შესაბამისად გამოხატოს თანადგომა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში გაემგზავრა იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, მას არჩევა ყველა ქვეყანამ მიულოცა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და მთელი სამეზობლო იმყოფება იქ ინაუგურაციაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც, რომ რეგიონში ასეთი ღონისძიებების დროს ქართველი ხალხი იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
კითხვაზე აშშ-თვის ეს არის თუ არა გზავნილი, პაპუაშვილმა განაცხადა: რატომ უნდა იყოს გზავნილი? ამ რეგიონში აშშ არ არის - ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში, ისტორიულად, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს სწორი ურთიერთობა ჩვენს სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი ხალხის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცოს პრეზიდენტად არჩევა და მიიღოს მონაწილეობა ინაუგურაციის პროცესში ისე, როგორც ამას აკეთებს სომხეთი პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ასევე, თურქეთიც წარმოდგენილი იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.