შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებდა ქვეყნის გარედან, დარეგისტრირდეს რეესტრში

შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებდა ქვეყნის გარედან, დარეგისტრირდეს რეესტრში

მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებდა ქვეყნის გარედან, დარეგისტრირდეს რეესტრში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იუსტიციის სამინისტრომ შექმნა შესაბამისი დეპარტამენტი და ახლა ჯერი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია ორგანიზაციაზეა, რომლებიც რეესტრში დარეგისტრირდნენ. საბოლოო ჯამში რეესტრის შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვექნება შესაძლებლობა, არსებობდეს ერთი ვებ-გვერდი, სადაც შევალთ და ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, გავიგებთ ვისგან ფინანსდება და რაში ხარჯავს ამ ყველაფერს.

თუ უცხო ქვეყნებს სურთ ჩვენი და ჩვენი ხალხის დახმარება, ამას მივესალმებით და მადლობას ვეუბნებით ყველას. გააკეთონ ეს სიკეთე საჯაროდ და უთხრან ხალხს, რაში იხარჯება ფული. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ დარეგისტრირდნენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 19 მაისს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 28 მაისს დაძლია.