შალვა პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ ანაკლიის პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ და როცა თავი ვერ მოუყარეს ინვესტიციისთვის საჭირო თანხას, სურდათ, სახელმწიფო ხალხის ფულით დასდგომოდა მათ გარანტირებული მოგების თავდებში

შალვა პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ ანაკლიის პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ და როცა თავი ვერ მოუყარეს ინვესტიციისთვის საჭირო თანხას, სურდათ, სახელმწიფო ხალხის ფულით დასდგომოდა მათ გარანტირებული მოგების თავდებში

პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ და სახელმწიფოს აქ არანაირი წვლილი არ მიუძღვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიზანი იყო ისეთი ბიზნეს-სქემის აწყობა, სადაც მათ კომპანიას უნდა ჰქონოდა გარანტირებული მოგება საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე.

„ყველას შევახსენებ, თუ რას ითხოვდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე სახელმწიფოსგან მას შემდეგ, რაც მათ თავი ვერ მოუყარეს ინვესტიციისთვის საჭირო თანხას. მათ სურდათ, რომ სახელმწიფო, ბიუჯეტით, ანუ ხალხის ფულით, დასდგომოდა მათ გარანტირებული მოგების თავდებში. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ ისინი ანაკლიის პორტიდან ვერ მიიღებდნენ სასურველ მოგებას, ეს თანხა ყოველ ჯერზე უნდა მიეღოთ ბიუჯეტიდან. შესაბამისად, მიზანი იყო ისეთი ბიზნეს-სქემის აწყობა, სადაც მათ კომპანიას უნდა ჰქონოდა გარანტირებული მოგება საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს