მათ ამ ბიზნეს საკითხისგან შექმნეს პოლიტიკური საკითხი და ეს იყო მათი საბაბი პოლიტიკაში წასვლის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე, მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა, რომელმაც განაჩენს სამწუხარო უწოდა და ანაკლიის პროექტის ვერ განხორციელებაში პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა დასრულდა.
„ხაზარაძე-ჯაფარიძემ და მათმა კომპანიამ ფაქტობრივად 8 წელი დააკარგვინეს სახელმწიფოს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. 4 წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან, როდესაც ისინი ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდნენ და ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება და შემდეგი 4 წელი, 2020 წლიდან მოყოლებული, როდესაც მათ დაიწყეს სამართლებრივი დავა საქართველოს წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ეს დავა გარკვეულ ტვირთად იყო ჩამოკიდებული სახელმწიფოზე. მილიარდ-ნახევარი დოლარი, რასაც ისინი ითხოვდნენ, იყო ბიუჯეტის მეოთხედი. და ამ ხალხს სურს წარმოაჩინოს, თითქოს ხალხზე ზრუნავენ და პოლიტიკაში ამ კრედოთი არიან.
რაც შეეხება თავად პროცესს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ამ ბიზნეს საკითხისგან შექმნეს პოლიტიკური საკითხი და ეს იყო მათი საბაბი პოლიტიკაში წასვლისა, რომელიც დღეს გამოეცალათ საბოლოოდ და ეს გარკვეულწილად ზიანს აყენებდა საქართველოს იმიჯს გარეთაც.
ერთი მხრივ, რაღაც მამულიშვილური პათოსი ეჭირათ, თითქოსდა „ლელოს“ პათეტიკა და სტილი მათი საუბრის ყველასთვის ცნობილი არის, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი 4-წლიანი პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც გუშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დასრულდა“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.