ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფო, მისი მმართველობა და მართლმსაჯულება, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს; ასევე ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დაზიანების ინტერესი ამოძრავებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საბოლოოდ გაირკვა, თუ რეალურად რა იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, პარტია „ლელოს“ შექმნის საფუძველი და, სულ ახლახან, სხვა წვრილ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის ფსევდოპოლიტიკოსებთან გაერთიანების ნამდვილი არსი - აშკარაა, რომ ეს იყო ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა.
საბედნიეროდ, ყველაფერი უფრო ადრე გამოააშკარავა, ვიდრე ხაზარაძე-ჯაფარიძე ოქტომბრის არჩევნებამდე ხალხის ნაწილის მოტყუებას კიდევ ერთხელ შეძლებდნენ.
„ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ.
ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს ხმას და 1,5 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვდა. ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი. ახლა ჯერი ხალხზეა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.