შუა ოკეანეში ქართულად მოსმენილი 13 მაისის ამბავი

შუა ოკეანეში ქართულად მოსმენილი 13 მაისის ამბავი

ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან 29 წელი გავიდა. 1981 წელს საბჭოთა საქართველოში არავის გაჰკვირვებია, 13 მაისის ფინალურ შეხვედრას ქართველი კომენტატორი რუსულ ენაზე რომ უძღვებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, იყვნენ იშვიათი გამონაკლისებიც, დიუსელდორფში გამართული მატჩის პერიპეტიები ქართულ ენაზე რომ მოისმინეს.

ბატონ რევაზ ჟვანიას ნაოსნობაში ორ ათეულ წელზე მეტი აქვს გატარებული და ბევრით ვერაფრით გააკვირვებ, მაგრამ წარუშლელ მოგონებად ახსოვს "დინამოსა" და "კარლ ცაისის" მატჩის რადიორეპორტაჟი, შუაგულ ოკეანეში, უცნობ რადიოსადგურზე რომ მოისმინა უცნობი ქართველის კომენტარით.

- თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მერე, რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთში გემთმშენებელი სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ სამმართველოში ვმუშაობდი - ინჟინერ-მარეგულირებლები გვერქვა და გემებზე თანამედროვე ელექტრომოწყობილობებს ვამოწმებდით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბათუმის სანაოსნოში, ავტომატიკის ლაბორატორიაში დავიწყე მუშაობა და ძალიან ხშირად მიწევდა შორეულ რეისებში მოგზაურობა.

ბუნებრივია, გასახსენებელი ბევრი რამ გექნებათ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ 1981 წლის 13 მაისი გავიხსენოთ - დღე, როცა ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ გამარჯვებას ოკეანის შუაგულში შეხვდით...

- თუ ზღვაში არ ვიყავით, ბათუმიდან ჩამოსვლას რა უნდოდა და თბილისში გამართულ "დინამოს" არც ერთ საერთაშორისო მატჩს არ ვაცდენდი. ისე დაემთხვა, რომ იმ წელს თასების მფლობელთა თასზე ჩვენი გუნდის ყველა საშინაო მატჩს დავესწარი, "ფეინოორდთან" ნახევარფინალური მატჩის განმეორებით ტელერეპორტაჟს კი - ნოვოროსიისკში, გემ "Художник Герасимов" -ზე ვუყურე. ხომალდის კაპიტანი ქართველი გახლდათ - ბატონი ბიჭიკო ვარშანიძე, შესანიშნავი და ეკიპაჟზე გადაყოლილი კაცი.

კუბაზე მივემგზავრებოდით, გემი უკვე დატვირთული იყო და დილით უნდა აეღო სტარტი, მაგრამ, რადგან "ფეინოორდთან" მატჩის რეპორტაჟი საღამოს იწყებოდა, ნაპირიდან მოშორებით კი მხოლოდ რადიორეპორტაჟს თუ მოვუსმენდით, ბატონმა ბიჭიკომ იქამდე გადადო გემის პორტიდან გასვლა, სანამ ეკიპაჟმა ნახევარფინალის ყურება არ დაასრულა. მაშინ დატვირთული გემის პორტში გაჩერება წარმოუდგენელი ამბავი იყო, მაგრამ ბიჭიკო ვარშანიძეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და...

თუმცა ფინალის დღეს არც მისი ავტორიტეტი გიშველიდათ - შუაგულ ოკეანეში გემზე ხომ ტელესიგნალს ვერ მიიღებდით...

-  ეს მაშინ იყო შეუძლებელი, თორემ დღეს... მოკლედ, 13 მაისს დილიდან მივუსხედით რადიომიმღებებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გემზე რამდენიმე ზემძლავრი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური გვქონდა, ვერც ერთი "საჩვენო" არხის დაჭერა ვერ შევძელით. რა უნდა გვექნა, ვისხედით სასოწარკვეთილები.

არადა, მატჩი უკვე დაწყებულია. იმედი რომ გადაგვეწურა, მოულოდნელად ერთ-ერთი კაიუტიდან ქართველმა მექანიკოსმა დაგვირეკა  - თავისი ძველი იაპონური ტრანზისტორით ქართული რეპორტაჟი დაუჭერია. მისი კაიუტა რამდენიმე წამში გაივსო ხალხით. პატარა ოთახში იმდენი ადამიანი როგორ დავეტიეთ, დღემდე ვერ გამიგია...

რეპორტაჟს ვინ გადმოსცემდა?

- არც იმ ადამიანის ვინაობა ვიცით, არც ის, რომელ სიხშირეზე ვუსმენდით. თემურმა თქვა, მგონი, ვატიკანიდან უნდა იყოს გადმოცემაო. როგორც ჩანს, კომენტატორი ქართველი ემიგრანტის შთამომავალი იყო და საქართველოში საერთოდ არ იყო ნამყოფი, ისეთი დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა. არც საფეხბურთო ტერმინები იცოდა კარგად - ეტყობოდა, სიტყვათშეხამება "სახიფათო მომენტი" არც ჰქონდა გაგონილი და როცა ასეთი ვითარება შეიქმნებოდა ჩვენს კართან ამბობდა, საშიშია, საშიშიო.

ერთ ეპიზოდში იმდენჯერ გაიმეორა ეს სიტყვა, რომ მართლა დავიზაფრეთ შიშით.

აშკარად ეტყობოდა, რომ არაპროფესიონალი კომენტატორი იყო. ყველა ფეხბურთელის გვარიც არ იცოდა. ხშირად ახსენებდა ღმერთს - ჩვენს კართან ვითარება რომ განიმუხტებოდა, ღმერთმა გადაგვარჩინაო, იტყოდა. ერთ ეპიზოდში ასეთი რამეც თქვა: "ბურთი არ მოხვდა ყიფიანის ფეხს!" ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი რომ გაიტანა, კომენტატორმა მადლობა შესწირა უფალს და  - ქართველები ისე არ წახდებიან, გერმანელებს დაუთმონ გამარჯვებაო, თქვა. საერთოდაც, ძველ ქართულ სიტყვებს ხშირად იყენებდა.

ასეა თუ ისე, თქვენ კი გაგახარათ პირდაპირ ეთერში...

- ეს შემთხვევა უნიკალური იმითაც არის, რომ იმ დროს, როცა მთელი საქართველო გენიალური კოტე მახარაძის კომენტარს რუსულ ენაზე უსმენდა, ჩვენ მშობლიურ ენაზე ვისმენდით ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების ამბავს. სხვათა შორის, ბატონ კოტეს მოგვიანებით მოუსმენია ეს ჩანაწერი (როგორც ჩანს, ვიღაცამ მიუტანა ფირი) და ერთგვარი ირონიითაც მოიხსენია, მაგრამ, რომ სცოდნოდა, როგორი სიხარული მოგვიტანა გემზე შეკრებილებს იმ უცნობი ქართველის ხმამ, დარწმუნებული ვარ, აზრს შეიცვლიდა.

როგორც გითხარით, დღემდე არ ვიცი, ვინ და საიდან უძღვებოდა იმ დღეს რადიოგადაცემას, მაგრამ რაკი კოტე მახარაძეს მოასმენინეს ჩანაწერი, ჩანს, რაღაც ინფორმაცია არსებობს და კარგი იქნება, თუ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ვინმე გამოგვეხმაურება.

"დინამოს" გამარჯვება როგორ  აღნიშნეთ?

- მატჩი დამთავრდა თუ არა, კაპიტანმა მაშინვე მოატანინა ორი ყუთი შამპანური. ამის შემდეგ რადიოგრამები გავგზავნეთ თბილისში - ერთი "დინამოს" სახელზე, დანარჩენები კი, თუ არ ვცდები, "ლელოსა" და "კომუნისტის" რედაქციებში.

იმდღევანდელ კიდევ ერთ საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებ: რამდენიმე მილით აზოვის სანაოსნოს ერთ-ერთი გემი გვისწრებდა. აზოველებს ჟარგონზე "მახნოველებს" ვეძახდით ხოლმე. ერთი კურსი გვქონდა და რადიოგადამცემით ხშირად ვსაუბრობდით. ფინალამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, სულ მომავალ თამაშზე ველაპარაკებოდით. ბუნებრივია, გამარჯვების შემდეგაც გვინდოდა ჩვენი სიხარული გაგვეზიარებინა მათთვის, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, კავშირზე არაფრით გამოვიდნენ.

სასიგნალო მაშხალებიც კი გავისროლეთ, მათი ყურადღება რომ მიგვექცია, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს. მერე მივხვდით, დაბოღმილები იყვნენ ქართველების გამარჯვებით და ამიტომ არ გამოდიოდნენ კავშირზე.

სხვათა შორის, იქვე ახლოს ფრანგული გემიც ყოფილა და ჩვენს სასიგნალო მაშხალებს ის გამოეხმაურა. კავშირზე რომ გამოვიდნენ და გვკითხეს, რა გჭირთო, დამტვრეული ინგლისურით ავუხსენით, "დინამომ" "კარლ ცაისი" დაამარცხაო. ამაზე სულ გადაირივნენ ფრანგები. სად - შუაგული ოკეანე და სად - ფეხბურთიო, სანამ თარჯიმანი არ გავაღვიძეთ, ვერაფერი გავაგებინეთ.