ანტონიო კონტე:

ანტონიო კონტე: "თამაშის სტილი, რომელსაც ვამუშავებთ, კვარასნაირი ფეხბურთელებისთვისაა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ეგნატიასთან“ ამხანაგური მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა და მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

როგორც მან თქვა, ტაქტიკური მონახაზი, რომელზეც ახლა მუშაობენ, კვარასნაირ ფეხბურთელებს ეხმარებათ შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში.

„კვარამ ძალიან კარგად ითამაშა. თამაშის ტიპი, რომელსაც ვამუშავებთ და რომლითაც თამაშს ვცდილობთ, მისნაირ ძლიერ ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს ერთი-ერთზე ითამაშონ, მხოლოდ ფლანგზე ყოფნით არ შემოიფარგლონ, არამედ ცენტრშიც შეიწიონ. ამ ტაქტიკას შეუძლია მისი, პოლიტანოს და ნგონგეს სტილის ფეხბურთელების გაბრწყინება. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ, როდესაც სივრცეები დახურულია, როგორც დღეს იყო, საჭიროა ერთი-ერთზე თამაში, ისინი უნდა გაიშალონ, რომ მეტოქის დაცვაში სივრცეები გამოჩნდეს.

მინდა ბიჭები შევაქო მონდომებისთვის, რადგან დიდი დატვირთვების შემდეგ ნელ-ნელა ვიწყებთ მოძრაობას. ინტენსიური ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ დრიბლინგებში და შეტევის კონსტრუქციის ფაზაში, რათა ბევრი გამოსავალი გვქონდეს. ვმუშაობთ იმაზე, რომ იყოს ინტენსივობა და ურთიერთგაგება, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თვითდაჯერებისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გოლი არ გავუშვით.

ფიზიკურად მძიმედ ვმუშაობთ, მაგრამ ასევე ტაქტიკურად, რათა გუნდს იდენტობა ჰქონდეს. ძალიან კმაყოფილი ვარ ბიჭების ჩართულობით. ახლა „ბრესტის“ წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელიც კარგი გუნდია და ეს შემდგომი ნაბიჯი იქნება“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრესეზონზე კიდევ აქვს ამხანაგური მატჩები - „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.